თამარ ჩიბურდანიძე: ჯამბაზების პოლიტიკა დასასრულს უახლოვდება. ახალ რეალობაში, სადაც ტვინების ჭიდილია, ზელენსკის და ევრობიუროკრატებს აღარაფერი ესაქმებათ

თამარ ჩიბურდანიძე

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებას პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალური ქსელით ეხმიანება.

მისი თქმით, ზელენსკის განცხადება ღიმილისმომგვრელია და უკავშირდება მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს ერთადერთი მიზნით, რომ როგორმე დაეხმაროს ოპოზიციას. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ახალ რეალობაში, ზელენსკის და ევრობიუროკრატებს აღარაფერი ესაქმებათ.

„უკრაინის პრეზიდენტის განცხადება საქართველოზე “ჩვენ უკვე დავკარგეთ საქართველო ევროპაში”, სულ მცირე ღიმილის მომგვრელია. თავად ხომ უკვე „გააწევრიანა” ქვეყანა ევროკავშირში და ახლა ჩვენზე “წუხს”. კაცს, რომელსაც ევროპული სახელმწიფოები ერთმანეთზე მიყოლებით უცხადებენ, რომ მხარს არ დაუჭერენ ევროკავშირში გაწევრიანებაზე და რომელმაც გაანადგურა საკუთარი ქვეყანა აგენტურული პოლიტიკით, ჩვენზე “შესტკივა” გული, თურმე აქ სიტყვის თავისუფლების და დემოკრატიის რეგრესია. არადა, სწორედ ამ ინდექსით იგივე ევროპული ორგანიზაციების კვლევებით, უკრაინას პულსი არ ესინჯება, საქართველო კი მოწინავე რიგებშია.

ყველასათვის გასაგებია, რომ ზელენსკის “მეგობრული წუხილი” მოახლოებული არჩევნებით არის გამოწვეული, იქნებ როგორმე დაეხმაროს ამ გაუბედურებულ ოპოზიციას, რომლებიც ერთმანეთს მხოლოდ სატელევიზიო ეთერში ესაუბრებიან. უკრაინის პრეზიდენტი რომ სხვა ქვეყანაზე სასაუბროდ მოიცლის, მართლაც სასაცილოა.

არაჩვეულებრივი პროცესები მიდის მსოფლიოში. ეს ის დინებაა, სადაც საქართველომ უკვე შეცურა და აუცილებლად გაგვიყვანს ჩვენთვის სასურველ ნაპირზე.

ფულზე გაყიდული ჯამბაზების პოლიტიკა კი დასასრულს უახლოვდება. ახალ რეალობაში, სადაც ტვინების ჭიდილია, ზელენსკის და ევრობიუროკრატებს აღარაფერი ესაქმებათ“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.