1735131158
"სუსი ავრცელებს ისეთ განცხადებას, რომელსაც ადგილი არ აქვს სინამდვილეში" - ლანა გალდავა
ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმეზე სუს-ის გუშინდელ განცხადებას კიდევ ერთხელ ეხმიანებიან პოლიტიკოსები. ოპოზიციაში თვლიან, რომ უსაფრთხოების სამსახური დემონსტრანტების დაშინებას ცდილობს.
"ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" წევრის, ლანა გალდავას თქმით, სუს-ის განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამება.
"ყველა არჩევნების წინ, ყველა დაძაბული სიტუაციის წინ, რაც არის ქვეყანაში, სუსი ავრცელებს ისეთ განცხადებას, რომელსაც აბსოლუტურად ადგილი არ აქვს სინამდვილეში, ემსახურება ადამიანებში ტერორის ელემენტების შემოტანას," - აცხადებს ლანა გალდავა.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან სანიკიძე მიიჩნევს, რომ ყველა პროვოკაციის უკან თავად სუსი დგას.
"ეს არის კერძო დაცვის კომპანია, რომელიც გადასახადებს იღებს ჩვენგან და ჩვენივე ფულით დაინტერესებულია იმაში, როგორ გაანადგუროს ქართული სახელმწიფო, როგორ გაგვისწორდეს ფიზიკურად და მორალურად. ამ ადამიანებს, თუ რაიმე მტკიცებულებები აქვთ, აღკვეთონ, მაგრამ როგორ აღკვეთონ, როდესაც ამ ყველა პროვოკაციის უკან დგანან თავად," - განაცხადა ლევან სანიკიძემ.