სულელი ვიყავი, რომ ფულს არ ვაკეთებდი? არ შეიძლება საკუთარი, მით უმეტეს, ღარიბი ხალხის ხარჯზე გამდიდრება, ამას რომ არ ვაკეთებდი, იმიტომ მაქვს ხალხის მხარდაჭერა და სიყვარული - სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

ვითარება ძალიან მარტივია, მოქმედება, კიდევ ერთხელ მოქმედება, ერთიანობა და გამარჯვება არის ხელის გაწვდენაზე. ვიცი, რომ ძალიან ნერვიულობს ბევრი ადამიანი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ჩვენი თანამემამულეები და საქართველოს გულშემატკივრები, მინდა, მათ ვუთხრა, ჩემი იმედი გქონდეთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე, რომელსაც აუცილებლად მოიპოვებენ.

„მიუხედავად იმ ჯოჯოხეთისა, რომელსაც ესენი ცდილობენ, მომიწყონ, ჩვენ ყველანი ვიდგებით მაგრად, ჩვენ ყველანი ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე და აუცილებლად მოვიპოვებთ ჩვენს გამარჯვებას. მინდა, იმ ხალხს ვუთხრა, და ასეთი ბევრი იყო, ვინც „ქოცებს“ მისცა ხმა უკეთესი მომავლის იმედით, თითქმის ყველა ახლა სწორ პოზიციაზეა და ამას ძალიან ვაფასებ. ამის იმედი მქონდა მე 2012-ში, როდესაც გადავეცი მშვიდობიანად ხელისუფლება. რომელი ხელითაც მოვიყვანეთ ესენი, იმავე ხელით უნდა გავუშვათ, მიუხედავად იმისა, რა იქნება მათი სურვილი“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის თქმით, მის მიმართ უსამართლობა არის წინასწარ დაწერილი და გათვლილი სცენარი.

„დაწერილია ეფესბეს დერეფნებში და კაბინეტებში. მასამართლებენ რაღაც ფულის გაფლანგვაზე, ჩვეულებრივ საპრეზიდენტო ხარჯებზე, როცა ჩემს შვილ ალისას ენატრება ცალკე ოთახი იმ ბინაში, რომელშიც ცხოვრობს, სადაც მუდმივად ზედახორაა სტუმრების და ა.შ. და ამათ თავზე გადასდით, წარმოუდგენლად გაზულუქდნენ. მე რა, სულელი ვიყავი, რომ ფულს არ ვაკეთებდი საქართველოს ხელისუფლებაში? სულელი კი არ ვიყავი, ჩემი მრწამსი იყო და არის, არ შეიძლება საკუთარი, მით უმეტეს, ღარიბი ხალხის ხარჯზე გამდიდრება, არ შეიძლება ხელისუფლების ბოროტად გამოყენება, არ შეიძლება ქონების მითვისება, ტყეების, მიწების, ადგილების, ამათ ყველას სულელები ვგონივართ, რომ მე ამას არ ვაკეთებდი. სულელი კიარ ვარ, სწორედ იმიტომ მაქვს ხალხის მხარდაჭერა და სიყვარული საქართველოში და საქართველოს გარეთ მყოფი ქართველების. მინდა, მივმართო საქართველოს გარეთ მყოფ ქართველებს, მოემზადეთ ყველა საქართველოში დასაბრუნებლად, გარდა ამისა, ვინც არ დაბრუნდება, ყველას გექნებათ საარჩევნო ხმა და ელექტრონული კენჭისყრით, გადაწყვეტთ თქვენი ქვეყნის ბედს, იმისთვის, რომ საქართველოში აღარასდროს დამყარდეს დიქტატურა და აღარასდროს მოვიდეს კლეპტოკრატიული, სამარცხვინო ხელისუფლება.

ახლა, როცა ვხედავ გაერთიანებულ საქართველოს ქუჩებში, შემართებას, სამშობლოს სულისკვეთებას, როცა ვგრძნობ ხალხის სითბოს ყველა მხრიდან, მათ შორის ჩემი, შემიძლია ვთქვა, რომ ტყუილად არ ჩაუვლია გაწეულ სულისკვეთებას, ყველა იმ საამაყო ცვლილებას, რომელიც ყველამ ერთად განვახორციელეთ. ხალხნო, უნდა მოემზადოთ საქართველოს ბრწყინვალე ეპოქის აღდგენისთვის, ისეთისთვის, რომელიც საქართველოს არასდროს არ ჰქონია თავის ცხოვრებაში, თავის ისტორიაში. უნდა მოემზადოთ, რომ ხელახლა ვიყოთ მთელი მსოფლიოს ხელზე სატარებელი, ხელახლა სიამაყით ლაპარაკობდეს ყველა საქართველოზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.