სოზარ სუბარი: საგამოძიებო კომისიის უმძიმესი დასკვნა, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, პოლიტიკური და სისხლის სამართლებრივი განაჩენია „ნაციონალური მოძრაობისთვის“

სოზარ სუბარი

საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელიც პარლამენტმა მიიღო და დაამტკიცა, უმძიმესი დასკვნაა და მართლა არის პოლიტიკური და სისხლის სამართლებრივი განაჩენი ნაციონალური მოძრაობისთვის, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა „ქრონიკასთან“.

„როდესაც პარლამენტი შეიკრიბება, ეს საკონსტიტუციო სარჩელი გადაიგზავნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ უბრალოდ ამ ფაქტების წაკითხვის შემდეგ სხვა გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული, გარდა იმისა, რომ პარტიები, რომლებიც დანაშაულს ჩადიოდნენ ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, უნდა აიკრძალოს და მათ დამფუძნებლებს, მათ აქტიურ წევრებს უნდა აეკრძალოთ პოლიტიკაში მოღვაწეობა“, - აღნიშნავს სუბარი.

პარლამენტმა საგამოძიებო კომისიის ანგარიშთან დაკავშირებით დადგენილების პროექტს კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა. ამით საკანონმდებლო ორგანოში პროცესი დასრულდა. 460-გვერდიანი დასკვნის საფუძველზე, მომზადდება სარჩელი, რასაც სწორედ აღნიშნული დოკუმენტი დაერთვება თან და საკონსტიტუციო სასამართლოში გადაიგზავნება.

კომისიის დასკვნა აერთიანებს სააკაშვილის რეჟიმის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებსა და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს.