სოზარ სუბარი საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე: ეს არის დასკვნა, რომელიც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ისტორიამ კიდევ ერთხელ გაასამართლოს და განსაჯოს ის რეჟიმი

სოზარ სუბარი

ეს არის დასკვნა, რომელიც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ისტორიამ კიდევ ერთხელ გაასამართლოს და განსაჯოს ის რეჟიმი,- განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ ლიდერმა სოზარ სუბარმა საგამოძიებო კომისიის ანგარიშთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, როგორც წვეთ წყალში ირეკლება ოკეანე, ისე ირეკლება ამ დასკვნაშიც ის საშინელება, რომელსაც ის რეჟიმი სჩადიოდა.

„ეს უკვე აღარ არის კომისიის დასკვნა, ეს არის საქართველოს პარლამენტის დასკვნა, რომელიც ძალიან სერიოზული დოკუმენტია. გუშინაც ვთქვი პარლამენტში და დღესაც გავიმეორებ, ეს არის აისბერგის წვერი, უბრალოდ აისბერგის ხილული ნაწილი კი არა, ხილული ნაწილის წვერი, იმდენად ცოტაა იმ საშინელებებთან შედარებით, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ უკეთებდა ქართველ ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს და ქართულ სახელმწიფოს. როგორც წვეთ წყალში ირეკლება ოკეანე, ისე ირეკლება ამ დასკვნაშიც ის საშინელება, რომელსაც ის რეჟიმი სჩადიოდა. დანაშაულები მრავალი მიმართულებით, რასაც 9 წლის განმავლობაში სჩადიოდნენ და რასაც დღესაც აგრძელებენ, როდესაც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზეა საუბარი.

ეს არის დასკვნა, რომელიც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ისტორიამ კიდევ ერთხელ გაასამართლოს და განსაჯოს ის რეჟიმი. სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ოქტომბერში, იმედი მაქვს, როდესაც ოქტომბრამდე მომზადდება საკონსტიტუციო სარჩელი, ეს სარჩელი შევა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც რეჟიმი, როგორც პოლიტიკური მოვლენა, როგორც პარტია, მასთან ერთად მისი სატელიტი პარტიები გაასამართლოს, რათა მათ აეკრძალოთ ქართული სახელმწიფოს ნგრევა და ქართულ პოლიტიკაში მოღვაწეობა“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

პარლამენტმა საგამოძიებო კომისიის ანგარიშთან დაკავშირებით დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა.