1734979317
სოზარ სუბარი „ხალხის ძალაზე“: ჩვენ შევცვალეთ ამინდი ქვეყანაში - გადავარჩინეთ საქართველო ომში ჩართვას და განადგურებას, დავაბრუნეთ სიამაყე ხალხში
„ხალხმა იგრძნო, რომ ჩვენ არ წარმოვადგენთ კოლონიას, სადაც რომელიმე ელჩი თითის გატკაცუნებაზე, მთელი მთავრობა და ქვეყანა უკანა თათებზე დადგება და უსიტყვოდ დაემორჩილება მის ბრძანებებს. არ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ვინმე რასა იუკნევიჩიანეს ან მარკეტა გრეგოროვას თითის დაქნევაზე შიშით აკანკალდება, როგორც არც თუ ისე იშვიათად ხდებოდა ხოლმე,“ - განაცხადა პარტია პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა. მისი თქმით, „ხალხის ძალის“ განცხადებებმა თავდაპირველად შოკი გამოიწვია როგორც გუნდში, ისე მის გარეთ, მაგრამ სწორედ ამ განცხადებებმა ჩვენი სამშობლო ომში ჩართვასა და განადგურებას გადაარჩინა.
სოზარ სუბარის თქმით, როდესაც ქვეყანას რაიმე სივრცეში ინტეგრაცია სურს, ხელისუფლებას უწევს რაღაცის დათმობა, თუმცა ყოველთვის პრიორიტეტი უნდა იყოს ეროვნული ინტერესები. დეპუტატის განმარტებით, „ხალხის ძალა“ უფრო კონსერვატიული გუნდია ვიდრე „ქართული ოცნება“, თუმცა აქამდე ამის გამოკვეთა ვერ ხერხდებოდა.
„როდესაც ჩვენ დავტოვეთ პარტია და დავიწყეთ განცხადებების გაკეთება, ბევრი ადამიანი ჩავარდა შოკში, როგორც გუნდის შიგნით ასევე გარეთ. დღევანდელი გადასახედიდან თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ შევცვალეთ ამინდი ქვეყანაში. ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო ომში ჩართვას და განადგურებას, დავაბრუნეთ სიამაყე ხალხში. ხალხმა იგრძნო, რომ ჩვენ არ წარმოვადგენთ კოლონიას, სადაც რომელიმე ელჩი თითის გატკაცუნებაზე, მთელი მთავრობა და ქვეყანა უკანა თათებზე დადგება და უსიტყვოდ დაემორჩილება მის ბრძანებებს. არ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ვინმე რასა იუკნევიჩიანეს ან მარკეტა გრეგოროვას თითის დაქნევაზე შიშით აკანკალდება, როგორც არცთუ ისე იშვიათად ხდებოდა ხოლმე, არამედ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც გაატარებს თავის პრინციპებს.
რა თქმა უნდა, როცა მსოფლიოს ნაწილი ხარ, როცა გინდა რაიმე სივრცეში მოახდინო ინტეგრაცია, ყოველთვის გიწევს სუვერენიტეტის რაღაც ნაწილის დათმობა, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ეროვნული ღირსების შელახვისა და შენი ქვეყნის ინტერესების ხარჯზე. როცა რაიმე ნაბიჯის გადადგმას გადაწყვეტ, ყოველთვის უნდა აწონო, ამ ნაბიჯის გადადგმით სარგებელს მეტს იღებ, თუ ზიანს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იმოქმედო. სწორედ ეს კულტურა შემოვიტანეთ ქართულ პოლიტიკაში „ხალხის ძალამ“ და ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზაზე სიარულს.
რაც შეეხება სხვა თემებს, უმრავლესობის შიგნით ხშირად გვქონდა განსხვავებული პოზიცია და განსხვავებული შეხედულებები, შესაბამისად ცხარე დებატიც, თუმცა ეს დებატები, როგორც წესი, არ გამოდიოდა გარეთ. შესაბამისად, ეს ბრძოლა ყოველთვის წარმატებით არ მთავრდებოდა ხოლმე. დღეიდან ყველა მსგავს საკითხზე საზოგადოებაც უფრო მეტად იქნება ინფორმირებული და ჩვენც უფრო მეტად გაგვეხსნება ხელ-ფეხი, რომ მტკიცედ ვიბრძოლოთ ჩვენი პოლიტიკის გატარებისთვის.
მთლიანობაში, ჩვენ ვართ გუნდი, რომლისთვისაც კონსერვატიული შეხედულებები, ეროვნული ტრადიციებისა და ღირებულებების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ჩვენს იდეოლოგიურ პლატფორმაშიც იქნება ასახული“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.