"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
1745843897
სომხეთში საქართველოს ელჩის, გიორგი შარვაშიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს სომხეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები ექნება სომეხ კოლეგასთან, პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წარმომადგენლებთან.
გიორგი შარვაშიძემ სომხეთში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბევრი საკითხია, რომლებიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსა და სომხეთისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის.
„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტია სომხეთში. დაგეგმილია შეხვედრები კოლეგასთან, სომხეთის პრეზიდენტთან, ბატონ ხაჩატურიანთან, პრემიერ-მინისტრთან. შეხვედრები იქნება ასევე მთავრობის წარმომადგენლებთან, მინისტრებთან. ძალიან დატვირთული სამუშაო გრაფიკია. რაც შეეხება მნიშვნელობას, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი, რამეთუ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია ჩვენმა ურთიერთობამ.
შარშან ხელი მოეწერა სტრატეგიულ ურთიერთობას სომხეთსა და საქართველოს შორის, დაიდო მემორანდუმი. ეკონომიკური ურთიერთობები, ტურიზმი ვითარდება ძალიან სწრაფი ტემპებით, ძალიან ბევრი რამ გვაქვს საერთო. საქართველოს კულტურის დღეები გაიმართება ცოტა ხანში სომხეთში და ბევრი რამ არის დაწყებული, მათ შორის არის სამშვიდობო ინიციატივა, რომლითაც გამოვიდა საქართველო, მშვიდობიანი კავკასიის იდეით და ბევრი საკითხია, რომელიც საინტერესოა და წარმოადგენს ინტერესს მთელი რეგიონისთვის, არა მხოლოდ საქართველოსა და სომხეთისთვის“, – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთის დედაქალაქს ეწვევა.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, დეპუტატები – სამველ მანუკიანი, სუმბატ კიურეღიანი და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ლუკა ეხვაია.