1771531835
სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობა ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში - მარიამ ქვრივიშვილის ვიზიტი მეზობელ სახელმწიფოში გრძელდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ხუდატიანთან, საქართველოსა და სომხეთს შორის ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები განიხილა. შეხვედრა საქართველოს დელეგაციის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
"შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს როლს რეგიონში მშვიდობისა და დაკავშირებადობის გაძლიერებისა და განვითარების თვალსაზრისით. სომხეთის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას საქართველოს მთავრობის მეგობრული გადაწყვეტილების გამო, რომლის თანახმად, აზერბაიჯანიდან სომხეთის მიმართულებით ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებაზე სიმბოლური ტარიფის დაწესდა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორივე ქვეყანა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სატვირთო და სამგზავრო მიმოსვლის განვითარებას. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველო და სომხეთი აქტიურად არიან ჩართული როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ ინიციატივებში.
ქართულმა მხარემ სომეხ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მსხვილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელთა სრულად ამოქმედებაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ორ ქვეყანას შორის დაკავშირებადობას, სომხეთიდან ტრანზიტული ტვირთების მიმოსვლას და გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას. აღინიშნა, რომ საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია უსაფრთხო, საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება, რომლებიც აძლიერებს რეგიონულ კავშირებს და ხელს უწყობს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას.
მინისტრები ასევე შეეხნენ თანამშრომლობის გაღრმავებას სამოქალაქო ავიაციის სფეროში. როგორც აღინიშნა, მხარეები მიესალმებიან პირდაპირი ფრენების შესრულებას არა მხოლოდ თბილისსა და ერევანს, არამედ ორი ქვეყნის სხვა ქალაქების მიმართულებით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაიწყებენ მუშაობას ამ კუთხით.
შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის ურთიერთობა ენერგეტიკის სფეროში. საუბარი წარიმართა ტრანსსასაზღვრო ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების მიმართულებითაც, რომელიც ხელს შეუწყობს გადაცემის გამტარუნარიანობის ზრდას, სისტემის სტაბილურობის გაუმჯობესებას და ორმხრივი ენერგეტიკული თანამშრომლობის გაძლიერებას. ელექტროგადამცემი ხაზების ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია უზრუნველყოფს ორივე ქვეყნის ურთიერთდაკავშირებული ელექტროენერგეტიკული სისტემების უსაფრთხო და ეფექტიან ფუნქციონირებას. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს სომხეთში საქართველოდან ელექტროენერგიის მიწოდების საკითხი", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე, ასევე საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე.










