სოლომონ პავლიაშვილმა „მომავლის მინერალების ფორუმის“ მე-5 მინისტერიალის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

სოლომონ პავლიაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოში, ქალაქ რიადში გამართულ „მომავლის მინერალების ფორუმის“ (Future Minerals Forum – FMF) მე-5 მინისტერიალის მრგვალი მაგიდის შეხვედრასა და კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

მინისტერიალის მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, სოლომონ პავლიაშვილმა საქართველოს სამთო მოპოვების მრავალწლიან გამოცდილებასა და სექტორის განვითარებაზე ისაუბრა.

„ქვეყანაში შემუშავებულია წიაღის ახალი კოდექსი, რომელიც აერთიანებს გარემოსდაცვით, სოციალურ და ეკონომიკურ ასპექტებს და უზრუნველყოფს გამჭვირვალე, პროგნოზირებად და ინვესტორთათვის ხელსაყრელ მარეგულირებელ ჩარჩოს. უახლოეს მომავალში დაიწყება კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან კოდექსის პროექტის გაცნობის მიზნით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენი ინტერაქტიული გეოლოგიური რუკა, რომელიც სულ მალე ხელმისაწვდომი გახდება ოფიციალური პლატფორმების მეშვეობით. აღნიშნული ინიციატივა ასახავს ჩვენს მზაობას მონაცემების ღიაობის, ინვესტორთა ნდობის გაძლიერებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკისადმი, ამასთანავე ნათლად წარმოაჩენს საქართველოს მინერალური რესურსების პოტენციალს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

როგორც სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველომ აჩვენა მაღალი ეკონომიკური ზრდა. ეს პროგრესი წარმოადგენს მშვიდობაზე ორიენტირებულ და პრაგმატული სამთავრობო პოლიტიკის შედეგს.

„საქართველო სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორც რეგიონული ჰაბი, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს მნიშვნელოვანი სავაჭრო, სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნების მეშვეობით. ეს სტრატეგიული პოზიცია აძლიერებს მიწოდების ჯაჭვების მდგრადობასა და საშუალებას აძლევს საქართველოს შეიტანოს მნიშვნელოვანი წვლილი რეგიონულ სტაბილურობაში, თანამშრომლობასა და ეკონომიკურ ინტეგრაციაში. საქართველო მზაობას გამოთქვამს იყოს საიმედო პარტნიორი რეგიონულ და გლობალურ ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია მდგრადი, უსაფრთხო და დივერსიფიცირებული კრიტიკული ნედლეულის მიწოდების ჯაჭვების უზრუნველყოფისკენ. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს სამთო სექტორში გამჭვირვალობის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინოვაციების უზრუნველყოფას“,- განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

2026 წლის მომავლის მინერალების ფორუმის (FMF) კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მინერალების მიწოდების უსაფრთხოებას, ინვესტიციების მოზიდვას, ინდუსტრიის რეპუტაციის გაუმჯობესებას და სხვა.

კონფერენციის განახლებული საკომუნიკაციო ფორმატი მოიცავდა პანელურ სესიებს, საინფორმაციო ხასიათის დიალოგებსა და გადაწყვეტილებებზე ორიენტირებულ სამუშაო შეხვედრებს.