1735232728
"სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლიდან მომდის ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს აგრესიული და ძალადობრივი კამპანია სკოლის მოსწავლეების მიმართ, რომლის მიზანია მოსწავლეთა დაშინება"- რატი იონათამიშვილი
"სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლიდან მომდის ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს აგრესიული და ძალადობრივი კამპანია სკოლის მოსწავლეების მიმართ, რომლის მიზანია მოსწავლეთა დაშინება, შანტაჟი, პოლიტიკური მიზნებისთვის მათი ინსტრუმენტალიზების მცდელობა" - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
"სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლიდან მომდის ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს აგრესიული და ძალადობრივი კამპანია სკოლის მოსწავლეების მიმართ, რომლის მიზანია მოსწავლეთა დაშინება, შანტაჟი, პოლიტიკური მიზნებისთვის მათი ინსტრუმენტალიზების მცდელობა, ბავშვების თავისუფალ ნებაზე გავლენის მოხდენა, სასწავლო პროცესიდან ჩამოშორება და საზოგადოდ, სასწავლო პროცესის ჩაშლა.
კამპანიის შინაარსი სახიფათოა იმდენად, რამდენადაც იგი არამხოლოდ განათლების უფლების რეალიზებას უშლის ხელს, სახეზეა ბავშვის საუკეთესო ინტერესების ხელყოფის საფრთხე, სასკოლო სივრცეში პოლარიზაციის შექმნის და დაყოფის მცდელობა. ყოველივე აღნიშნული კი ქმნის ნიადაგს განსხვავებული აზრის საფუძვლით ადგილი ჰქონდეს დისკრიმინაციულ მოპყრობასა და ჩაგვრას.
საქართველოში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზანია მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა. ამ მიზნის მისაღწევად, სახელმწიფო უზრუნველყოფს საჯარო და კერძო სკოლის დამოუკიდებლობას პოლიტიკური გაერთიანებებისაგან.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ბავშვთა უფლებების დაცვა და მათი საუკეთესო ინტერესების უპირატესად გათვალისწინება სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა.
ბავშვის საუკეთესო ინტერესი, სხვებს შორის, გულისხმობს განათლების მიღების ინტერესს და მის შეუფერხებლად განხორციელებას.
წარმოებული კამპანია, წარმოადგენს რა კონფლიქტის მაპროვოცირებელ და წამაქეზებელ ფაქტორს, ეწინააღმდეგება განათლების სისტემაში ბავშვთა მიმართ ძალადობის დაუშვებლობის პრინციპს (ბავშვის უფლებათა კოდექსის 38-ე მუხლი), მათ შორის, ბავშვთა მიმართ და ბავშვთა შორის ჩაგვრის პრევენცია და დაუშვებლობა. კამპანია, ასევე, წინააღმდეგობაშია ბავშვის უფლებათა კოდექსის სხვა დებულებებთან (53-ე და 60-ე მუხლები) და ზოგადი განათლების შესახებ კანონის მე-20 მუხლთან.
გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვი, ასაკის გათვალისწინებიყ ნაკლებად რეზისტენტულია ზეწოლის, მუქარის და შანტაჟის მიმართ, არსებობს საფრთხე, მათ თავისუფალ ნებაზე მოახდინონ გავლენა, იქცნენ მანიპულაციის სამიზნედ და პოლიტიკური ანგარიშსწორების "ცოცხალ იარაღად".
იმ პირებს, ვინც დაკავებულია ამ ბინძური კამპანიით, შევახსენებთ, რომ:
- დაუშვებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის პოლიტიზება;
- სკოლა ვალდებულია დაიცვას და ხელი შეუწყოს მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს შორის შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებას;
- ბავშვს უფლება აქვს დაცული იყოს ფსიქოლოგიური ძალადობისგან, იძულებისგან და ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან ოჯახში, სკოლაში ან ნებისმიერ სხვა ადგილას;
ამდენად, მოვუწოდებთ ყველა აქტორს:
- ვიწრო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად არ მოახდინონ ბავშვების ინსტრუმენტალიზება;
- ხელი აიღონ ბავშვებს შორის მტრული განწყობების პროვოცირებისა და პოლარიზების შექმნისგან;
- შეწყვიტონ ბავშვების ფსიქოლოგიური იძულება და მათი საუკეთესო ინტერესების ხელყოფის ხარჯზე პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების მცდელობა,"- წერს რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.