შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობას ტოვებს

ტობიას ბილსტრომი

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ თავად ტობიას ბილსტრომმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი გადაწყვეტილების შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უკვე ინფორმირებულია.

ტობიას ბილსტრომი აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა და მასზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფიქრობდა.

„ბოლო 25 წლის განმავლობაში პოლიტიკაში ბევრი სხვადასხვა როლი ვითამაშე, მათ შორის, 10 წელი მინისტრის პოსტზე“, – აღნიშნა ბილსტრომმა და თანამდებობაზე ყოფნისას მიღწევებს შორის შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება დაასახელა.

შვედმა მინისტრმა განმარტა, რომ გეგმავს პოლიტიკიდან სრულად წასვლას, ამიტომ დეპუტატის მანდატსაც დატოვებს.

„რას გავაკეთებ შემდეგ, ეს ჯერჯერობით ღია საკითხია. მაგრამ მხოლოდ 50 წლის ვარ და მოუთმენლად ველოდები შესაძლებლობას, შევიტანო ჩემი წვლილი და ვიმუშაო სხვა გარემოებებში“, – დასძინა ბილსტრომმა.

ტობიას ბილსტრომი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სათავეში 2022 წელს ჩაუდგა.