შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან ეფექტიანი ბრძოლისთვის პოლიციის სპეციალიზებული დანაყოფები შექმნა - ვახტანგ გომელაური

ვახტანგ გომელაური

 შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტში, „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ სამართალდამცველი უწყებებისთვის, ისევე, როგორც მთელი საზოგადოებისთვის გამოწვევად რჩება არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულები.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ გამოწვევის საპასუხოდ არაერთი ღონისძიება ჩაატარა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ შეიქმნა პოლიციის სპეციალიზებული დანაყოფები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, პოლიცია ხშირად ფაქტზე აკავებს არასრულწლოვნებს, თუმცა, რეაგირების არსებული მექანიზმი არ იძლევა ამ ტიპის დანაშაულის აღმოფხვრის საშუალებას.

„აღნიშნული მიმართულებით მთელ მართლმსაჯულების სისტემას, კანონმდებლებს, სამართალდამცველებს, სოციალურ სამსახურს და განათლების სისტემას ერთობლივი ღონისძიებები გვაქვს განსახორციელებელი“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.