1770743848
შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფოს, კონსტიტუციურ წესრიგს ვინც არ აღიარებს, მათი ადგილი პოლიტიკურ ლანდშაფტში არ არის, დემოკრატიის მტრები არ უნდა სარგებლობდნენ დემოკრატიის პრივილეგიებით
სახელმწიფოს, კონსტიტუციურ წესრიგს ვინც არ აღიარებს, მათი ადგილი პოლიტიკურ ლანდშაფტში არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დემოკრატიის მტრები არ უნდა სარგებლობდნენ დემოკრატიის პრივილეგიებით.
„მომავალ კვირას, მეორე მოსმენისას განხილული იქნება კონსტიტუციური ორგანოების საკითხი. სახელმწიფოს, კონსტიტიციურ წესრიგს ვინც არ აღიარებს, მათი ადგილი პოლიტიკურ ლანდშაფტში არ არის. დემოკრატიის მტრები არ უნდა სარგებლობდნენ დემოკრატიის პრივილეგიებით. ეს არ არის კანონი ვინმეს წინააღმდეგ, არამედ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და კონსტიტუციური წესრიგის მქონე ქვეყნის დამცავი ნორმა, რომელმაც ქართული დემოკრატია უნდა დაიცვას გარედან ორკესტრირებული ჩარევისგან. გახსოვთ, საკითხის დაყენებიდან რამდენიმე საათიც არ იყო გასული, რომ ესტონეთის პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარემ არალეგიტიმურები გვიწოდა. ამით პირდაპირ აჩვენა, ვინ აქეზებს ზოგიერთ უსამშობლო ქართველს, რომ ჩვენი სახელმწიფო გააუქმოს და თქვას, სახელმწიფო ინსტიტუტები, კანონი არ არსებობს. ამ ყველაფერს უმატებენ ზიზღის პროპაგანდას, რაც ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოში ხდება. ამ ყველაფერს 4 ოქტომბერი მოაქვს, როცა ეს ადამიანები პრეზიდენტის სასახლეს კი ვერ ხედავენ, არამედ ღობეს და რაღაც შენობას. ამიტომაც ეძახით ღობის საქმეს, რომ ამით სახელმწიფო ინსტიტუტები დააკნინოთ, გააუქმოთ, რომელიც სამი ათეული წლის წინ სისხლით მოვიპოვეთ. დღეს მცდელობაა, რამდენიმე უცხოელი, საშუალო დონის პოლიტიკოსის დაკვეთით და ორკესტრირებით ადგილობრივმა უსამშობლოებმა გააუქმონ სახელმწიფო. სინამდვილეში, ამგვარი პროპაგანდით და ასეთი პოლიტიკით ჩვენი სახელმწიფოს გაუქმება უნდათ. ან ვთანხმდებით იმაზე, რომ სახელმწიფოს და კონსტიტუციურ წესრიგს ვიცავთ, ან სახელმწიფოს არსებობას ვინც ეწინააღმდეგება, მათთვის ეს კანონი გამაფრთხილებელი სიგნალია, რომ სახელმწიფო ლოიალური ვერ იქნება იმ ჯგუფების მიმართ, ვინც სახელმწიფოს გაუქმების მომხრეა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.










