1753907905
შალვა პაპუაშვილი იორდანიის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს სენატის პრეზიდენტ ფაისალ აკეფ ალ-ფაიზს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის მტკიცე მეგობრობასა და ორმხრივ თანამშრომლობაზე.
შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა იორდანიის გადაწყვეტილებისთვის, რომლის მიხედვითაც საქართველოს გადაეცა მიწის ნაკვეთი მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, სადაც იგეგმება ქართული კულტურის ცენტრის აშენება.
მხარეებმა გამოხატეს საპარლამენტო კავშირების გაძლიერების მზაობა. აღინიშნა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ მცირე ხნის წინ განხორციელებული ნაყოფიერი ვიზიტი იორდანიაში.
სენატის პრეზიდენტი დაინტერესდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებით, რაზეც შალვა პაპუაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრაზე, აგრეთვე, მიმოიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული რთული ვითარება. მხარეებმა ხაზი გაუსვეს, არასტაბილურ პოლიტიკურ ვითარებაში, მეგობრული კავშირების განმტკიცებისა და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მნიშვნელობას.
შეხვედრა შედგა ქ. ჟენევაში მიმდინარე პარლამენტის თავმჯდომარეთა მეექვსე მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.