შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი არის საერთაშორისო სამართლის დამრღვევი, რეპუტაციულ ზიანს აყენებს საკუთარ თავს იმის გამო, რომ გამოიყენოს სადამსჯელო და შანტაჟის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ

 შალვა პაპუაშვილი

ბრიუსელის წერილში ფაქტობრივად აღიარებულია, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის ვიზის შეჩერება იყო საერთაშორისო სამართლის და ხელშეკრულების დარღვევა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, წერილში მითითებულია, რომ ევროკომისიამ დიპლომატიურ პასპორტებზე ვიზის მოთხოვნის შემოღების რეკომენდაცია იმის გამო გასცა, რომ ზოგად პასპორტებთან დაკავშირებით შესაბამისობას ამოწმებდა, ანუ არანაირი კავშირი ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილებასა და დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმს შორის არ არსებობს.

„ბრიუსელი გვეუბნება, ჩვენ ვთქვათ, რომ დედამიწა არის ბრტყელი ან ვთქვათ, რომ კაცი შეიძლება, გახდეს ქალი. ბრიუსელი გვეუბნება, რომ ჩვენი სუვერენიტეტი არაფერს ნიშნავს. ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობუსთვის არაფერს არ ნიშნავს და ბრიუსელიდან უნდა წყვეტდნენ რა დააფინანსონ და როგორ, ჩვენი საზოგადოებისგან უჩუმრად. აი, ამას გვეუბნებიან. ზუსტად აკეთკენ მიჰყავდათ, რომ ეს ყველაფერი სამართლებრივადაც გამყარებულიყო, ზუსტად ამის ჩაკეტვა მოხდა ამ კანონმდებლობით. წადით, ნახეთ ევროპაში, სადაც კაცი ქალი ხდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ბრიუსელი ცდილობს, ყალბი, ცრუ იდეოლოგიები მოახვიოს სხვა საზოგადოებას.

„ბრიუსელის ბიუროკრატიამ გადაუხვია ევროპულ ღირებულებებს და ამაზე ვსაუბრიბთ, მოვუწოდებთ ამდენი ხანი, დაუბრუნდნენ ადამიანის უფლებების პატივისცემას, დაუბრუნდნენ სამართლებრივ სახელმწიფოს, იდეის პატივისცემას. ბრიუსელმა გადაუხვია იმ კალაპოტს, რაზეც დამყარებულია ევროკავშირი, ვგულისხმობ ევროპულ ღირებულებებს და ამის მოწოდებაა, დაუბრუნდნენ ევროპულ ღირებულებებს და თქვან, რომ დედამიწა არის მრგვალი და არა ბრტყელი. ბრიუსელი გვაყენებს ყალბი დილემის წინაშე. ყალბი დილემა მდგომარეობს იმაში, თითქოს, ან უნდა იყოს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა, ამისთვის კი უნდა ვთქვათ, რომ დედამიწა არის ბრტყელი. ეს არის ყალბი დილემა, რომელსაც აყენებს ბრიუსელი. არანაირ კავშირში არ არის არც ევროპული ღირებულებები და არც ევროკავშირი, მისი ღირებულებებიდან გამომდინარე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კითხვაზე, რომელს აირჩევენ საქართველოს მოქალაქეები – თქვენს მიერ მიღებულ კანონებს თუ უვიზო მიმოსვლას, შალვა პაპუაშვილი პასუხობს, რომ „აი, ზუსტად ამას ჰქვია ყალბი დილემა“.

„ყალბ დილემას გვიყენებდნენ, მაგალითად სააკაშვილთან დაკავშირებით – რომ მოკვდეს მაშინ რა მოხდებაო. ეს არის შანტაჟი. შანტაჟის მთელი იდეაა ცრუ დილემების დაყენება. რასაც, მაგალითად ხოშტარია აკეთებდა, როდესაც დაიწყო შიმშილობა. ამბობდა, თავს მოვიკლავ, თუ რაღაცა არ მოხდებაო. შანტაჟის დროს ხდება ცრუ დილემების დაყენება, თითქოს არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი და ა.შ. სინამდვილეში არაფერი არ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ბრიუსელის წერილში ფაქტობრივად აღიარებულია, რომ დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტებისთვის ვიზის შეჩერება იყო საერთაშორისო სამართლის და ხელშეკრულების დარღვევა.

„წერილში მითითებულია, რომ ევროკომისიამ დიპლომატიურ პასპორტებზე ვიზის მოთხოვნის შემოღების რეკომენდაცია გასცა იმის გამო, რომ ზოგად პასპორტებთან დაკავშირებით ამოწმებდა შესაბამისობას. არანაირი კავშირი ჩვეულებრივი პასპორტების ანუ ზოგადად ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილებასა და დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმს შორის არ არსებობს. დიპლომატიური პასპორტები ეფუძნება 2010 წლის ხელშეკრულებას, მეორე ეფუძნება ზოგად გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქის პასპორტთან დაკავშირებით. ამ წერილით ევროკავშირმა აღიარა, რომ დაარღვია საერთაშორისო სამართალი, დაარღვია 2010 წლის საერთაშორისო ხელშეკრულება, ფაქტობრივად გვაქვს ფაქტი, რომ ევროკავშირი, ბრიუსელის სახით, არის საერთაშორისო სამართლის დამრღვევი, რეპუტაციულ ზიანს აყენებს საკუთარ თავს, მსოფლიო ასპარეზზე ჩნდება როგორც საერთაშორისო სამართლის დამრღვევი იმის გამო, რომ გამოიყენოს ეს რაღაც სადამსჯელო და შანტაჟის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.