1734086254
საქმე ისე მიდის, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ შეიძლება, ისე გაქრეს, რომ გასამართლებაც აღარ დაგვჭირდეს - გურამ მაჭარაშვილი
რადიკალურ ოპოზიციაში ნიჰილიზმია, ვერც პროკურატურაში და ვერც საჯარო სივრცეში არჩევნებზე გაყალბების მტკიცებულებები ვერ წარმოადგინეს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აქციებზე ოპოზიციას თავიანთივე ამომრჩეველი საყვედურობს, რომ არც გეგმა და არც მიზანი არ აქვთ, საქმე ისე მიდის, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ შეიძლება, ისე გაქრეს, რომ გასამართლებაც აღარ იყოს საჭირო.
„რადიკალურ ოპოზიციაში პრაქტიკულად ნიჰილიზმია, გამომდინარე იქიდან, რომ ამ არჩევნებზე ვერც პროკურატურაში და ვერც საჯარო სივრცეში გაყალბების მტკიცებულებები ვერ წარმოადგინეს. ამავდროულად, თავიანთივე ამომრჩეველია გაბრაზებული, მათი გეგმა იყო, ხალხი გაებრაზებინათ, რეალურად კი, თავიანთი ამომრჩეველი და ერთმანეთი გააბრაზეს. მაგალითად, გვარამია გააბრაზეს, არ უყიდეს კარავი და აქციებზე აღარ დადის. მათივე ამომრჩევლები ამბობენ, რომ პრაქტიკულად გეგმაში არიან ჩაკარგულები. საქართველოს რუკაზე ფერებში ჩაიკარგნენ და ფერები ვერ დაადგინეს, ახლა კი გეგმებში ჩაიკარგნენ. გეგმა რეალურად არ არსებობს. ერთადერთი გეგმა რაც გამოაცხადეს, მამუკა ხაზარაძეა და მამუკა ხაზარაძის გეგმაა, რომ თავად გადარჩეს და სხვა ჩაძიროს. ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ე.წ. აქციებზე თავიანთივე ამომრჩეველი საყვედურობს, რომ ოპოზიციას არც გეგმა და არც მიზანი არ აქვს. საქმე ისე მიდის, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ შეიძლება ისე გაქრეს, რომ გასამართლებაც აღარ დაგვჭირდეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.