საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩვენმა ახალგაზრდებმა საქართველოში მიიღონ მაღალი დონის უმაღლესი განათლება, რასაც სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები და ჩვენს მიერ წარდგენილი რეფორმა ემსახურება ზუსტად ამ ამოცანას - პრემიერი

კობახიძე

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეწყობა საჯარო დისკუსია ამ თემასთან დაკავშირებით, ალბათ რთულია, ვიდავოთ იმაზე, რომ მდგომარეობა საქართველოში, უმაღლესი განათლების სისტემაში არის საკმაოდ მძიმე, რასაც სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, ქართველმა ახალგაზრდებმა საქართველოში შეძლონ მაღალი დონის უმაღლესი განათლების მიღება.

„რაც შეეხება საერთო მდგომარეობას, რომელიც არის ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემაში, ალბათ რთულია, ვიდავოთ იმასთან დაკავშირებით, რომ მდგომარეობა საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემაში არის საკმაოდ მძიმე. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩვენმა ახალგაზრდებმა საქართველოში მიიღონ მაღალი დონის უმაღლესი განათლება. რეფორმის კონცეფცია, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, ჩვენი აზრით, ემსახურება ზუსტად ამ ამოცანას. დღეს, ეს არ არის უზრუნველყოფილი ჩვენი სტუდენტებისთვის, ქართველი ახალგაზრდებისთვის და გვინდა, რომ ეს მოცემულობა შევცვალოთ. ამას არ ეყოფა პროცესების ისე განვითარება, მდორედ, როგორც ეს აქამდე ვითარდებოდა, ამას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები. როდესაც წარვადგინეთ რეფორმის კონცეფცია, დავიწყეთ ეს ყველაფერი ერთგვარი აღიარებითი ჩვენებით და ვთქვით, რომ თუკი სადმე არ გვქონდა ხელშესახები შედეგები, ჩვენს ხელისუფლებას ვგულისხმობ, ეს იყო განათლების სისტემაში, სადაც რაიმე არსებითი, გარდამტეხი ცვლილება არ განხორციელებულა. რა თქმა უნდა, განათლების დაფინანსების კუთხით გვაქვს ფუნდამენტური ზრდა, იყო მთელი რიგი ფუნდამენტური ცვლილებები, მაგრამ რასაც გარდამტეხი ცვლილება ჰქვია, ასეთი არ განხორციელებულა.

ჩვენი მიზანია, სწორედ ასეთი - არსებითი ცვლილება შევიტანოთ სისტემაში. ამისათვის დავიწყეთ მუშაობა, განისაზღვრა 7 გამოწვევა. ჩვენ თავიდანვე ვთხოვეთ ყველას - ოპონენტებს, არაოპონენტებს, რომ დაეპირისპირებინათ არგუმენტები თითოეული ამ გამოწვევის მიმართ. იქნებ ჩვენ ვცდებით და რომელიმე ეს გამოწვევა არ არის აქტუალური და რელევანტური. შემდეგ თითოეული ამ გამოწვევის შესაბამისად, განისაზღვრა 7 ამოცანა, თითოეულზე საპასუხოდ. აქაც კითხვა დავსვით, იქნებ ჩვენი მიდგომაა არასწორი და გვითხარით. თუ ყველა ვთანხმდებით, რომ გარდამტეხი ცვლილება გვჭირდება, მაშინ თქვენ შემოგვთავაზეთ, რას გააკეთებდით ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, რაზეც რაიმე საგნობრივი დისკუსია საზოგადოებაში არ შემდგარა, ყოველ შემთხვევაში, მე აქ არგუმენტები ვერ მოვისმინე. რაც შეეხება პროცესს და რამ მიგვიყვანა აქამდე. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ტრადიციები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემის სათავეებთან იდგნენ ივანე ჯავახიშვილი, სხვა დიდი მოაზროვნეები და მათ შექმნეს ის სისტემა, რომელიც დღემდე მოვიდა. თავისი სირთულეები და პრობლემები ჰქონდა, რა თქმა უნდა, საბჭოთა პერიოდს, შემდეგ იყო 90-იანი წლები, იყო ეკონომიკური კრიზისი, პოლიტიკური კრიზისი და სხვა ტიპის კრიზისები, რამაც ძალიან დიდი, მძიმე კვალი დაატყო უმაღლესი განათლების სისტემას, რაც ყველას მოგეხსენებათ. ამის შემდეგ იყო 2004-2012 წლები, სადაც პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ძალიან მძიმე დარტყმა მიადგა უმაღლესი განათლების სისტემას და განსაკუთრებული სამიზნე გახდა თსუ,“- განაცხადა პრემიერმა.