1766072080
საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდარ ვუჩიჩთან დელეგაციების მონაწილეობით გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი, მათ შორის დარგობრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მათი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ორმხრივი ვაჭრობა ზრდის ტენდენციით გამოირჩევა, თუმცა ამ მხრივ გაცილებით მეტი შესაძლებლობები არსებობს.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ მიესალმებიან მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურებულ დინამიკას. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, პრეზიდენტის დონეზე განხორციელებული პირველი ვიზიტი საქართველო-სერბეთის ურთიერთობებსა და ორმხრივ დიალოგს დამატებით იმპულს შესძენს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონულ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე ახალი გეოპოლიტიკური რეალობის ფონზე შუა დერეფნის გაზრდილ მნიშვნელობას. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღინიშნა, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს დერეფნის განვითარებას, მის უსაფრთხოებასა და ეფექტიანად ფუნქციონირებას.
ხაზი გაესვა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ვექტორი ურყევია და ამას მოწმობს საქართველოს ტრადიციული სამშვიდობო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობის მიღწევასა და მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთნდობისა და თანამშრომლობის გაღრმავებას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საჭიროა ორივე მხარემ ხელი შეუწყოს პარტნიორობის წახალისებას უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებს, სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს შორის. ასევე მნიშვნელოვანია გამოცდილების ურთიერთგაზიარება ახალგაზრდობის პოლიტიკის სფეროში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის განვითარების საკითხებზე.
საქართველოს და სერბეთის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები - ირაკლი მეზურნიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1766085663











