1732386875
საქართველოს სტუდენტური პარლამენტის დამფუძნებლის განცხადებით, შეკრებილი ადამიანები, რომლებიც სტუდენტური პარლამენტის სახელით საუბრობენ, ასოცირებულები არიან პოლიტიკურ პარტიებთან და არანაირი საერთო არ აქვთ სტუდენტურ პარლამენტთან
საქართველოს სტუდენტური პარლამენტის სახელით გავრცელებულ განცხადებას, სადაც ახალგაზრდები საქართველოს პარლამენტის არალეგიტიმურობაზე საუბრობენ, საქართველოს სტუდენტური პარლამენტის დამფუძნებელი ეხმაურება. ერეკლე იაშვილის განმარტებით, შეკრებილი ადამიანები, რომლებიც სტუდენტური პარლამენტის სახელით საუბრობენ, არ არიან სტუდენტური პარლამენტის წევრები, არამედ წარმოადგენენ პოლიტიკურ პარტიებს. ამ შემთხვევაში კი პირი, ვინ განცხადება სტუდენტური პარლამენტის სახელით გუშინ გააკეთა, „ლელოს“ აქტივისტია. როგორც მან განაცხადა, სტუდენტური პარლამენტი ყოველგვარ კავშირსა და ურთიერთობას წყვეტს საქართველოს პარლამენტთან. ერეკლე იაშვილის განცხადებით, სტუდენტური პარლამენტის მიზანი საგანმანათლებლო სახისაა და მისი წარმომადგენლები არ მონაწილეობენ პოლიტიკურ აქტივობებში. მისივე თქმით, სტუდენტური პარლამენტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს თანამშრომლობას ყველა უწყებასთან.
„მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ აღნიშნულ ორგანიზაციას არანაირი საერთო არ აქვს საქართველოს სტუდენტურ პარლამენტთან და მთავრობასთან. ეს ორგანიზაცია ჩვენი ინფორმაციით, ასოცირებულია პოლიტიკურ პარტიებთან, შესაბამისად მათი გადაწყვეტილებები და მათი ეს ნაბიჯი დაკავშირებულია უშუალოდ პოლიტიკურ ინტერესებთან. ჩვენი ორგანიზაცია აქამდეც და ამის შემდგომაც ორიენტირებული იყო და იქნება სტუდენტების განათლებაზე და არასდროს არ მიუღია არანაირ პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობა. შესაბამისად, საქართველოს სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის სახელით საუბარი ძალიან ცუდი ტონია, ვინაიდან მათ საერთო არაფერი აქვთ აღნიშნულ ორგანიზაციასთან“, - განაცხადა ერეკლე იაშვილმა.