საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი უნდა იყოს სულით და გულით ქართველი - მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი უნდა იყოს სულით და გულით ქართველი,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, „თუ შენი სამშობლო გიყვარს, სულით და გულით ქართველი ხარ, მთავარ პრინციპებს არ გადაუხვევ, არ მოემსახურები სხვა ქვეყანას, არ გახდები ვიღაცის წარმომადგენელი“.

„ძალიან დიდი ხანი, ძალიან ბევრს ვმსჯელობდით გუნდში. ლიდერებთან ეს იყო დიდი ბჭობის საგანი, როგორი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი. მე მგონია და ჩვენი ყველას აზრი, ბატონი ბიძინადან დაწყებული, დამთავრებული „ქართულ ოცნების“ რიგით ჯარისკაცამდე არის ის, რომ პირველი ნიშანი, რაც უნდა იყოს, არის ის, რომ უნდა იყოს ეროვნული, ქართველი უნდა იყოს. ქართველობაში მე გენეტიკას არ ვგულისხმობ. ქართველი უნდა იყოს სულით და გულით. სადღეგრძელოს არ ვამბობ, სულით და გულით უნდა იყოს ქართველი და ისეთი ადამიანი, ვინც ამას არ გადაუხვევს არასდროს და თუ ამას არ გადაუხვევს, ყველაფერი კარგად დალაგდება. თუ შენი სამშობლო გიყვარს, სულით და გულით ქართველი ხარ, მთავარ პრინციპებს არ გადაუხვევ, არ მოემსახურები სხვა ქვეყანას, არ გახდები ვიღაცის წარმომადგენელი. როგორც კი, შენი ქვეყნის წარმომადგენლობაზე უარს არასდროს იტყვი და ამაში შენი ქვეყანა და ხალხი დარწმუნდება, ე.ი. შენ ღირსეული ხარ. რა თქმა უნდა იმის იქით, თვისებები ბევრია, მაგრამ პირველი რიგის თვისება ეს უნდა იყოს ალბათ და ჩვენ ამის მიხედვით ვარჩევთ ჩვენს კანდიდატს“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მან ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას არჩეული ჰყავს თუ არა მმართველ გუნდს პრეზიდენტობის კანდიდატი და იქნება თუ არა ის ბიძინა ივანიშვილი.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ 99%-ით უკვე ჩამოყალიბებულები ვართ კანდიდატზე. გამორიცხულია ბიძინა ივანიშვილი იყოს პრეზიდენტობის კანდიდატი“, - განაცხადა მდინარაძემ.