საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ რიგით 50-ე სხდომაში მონაწილეობს

ვიზიტი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანისა და პარლამენტის წევრის ანტონ ობოლაშვილის შემადგენლობით, პარიზში, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ რიგით 50-ე სხდომაში მონაწილეობს.

სესიის განხილვის მთავარი თემაა: „ფრანკოფონიის როლი კრიზისში მყოფ სამყაროში“.

დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოს საკითხთა კომიტეტების სხდომებში.

პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გიორგი კახიანმა დელეგატებს სიტყვით მიმართა.

„საქართველო ამჟამად არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, რაც როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორებით არის განპირობებული. ჩვენი ტერიტორიის ოცი პროცენტი - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონები - ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, შიდა თუ რეგიონული გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ განიცადა ძლიერი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა და მოახერხა გამხდარიყო წარმატებული რეფორმებისა და სწრაფი განვითარების მისაბაძი მოდელი. საქართველომ დაამტკიცა, რომ ის სანდო პარტნიორია, გააჩნია ხელსაყრელი ბიზნეს გარემო, აქვს ძლიერი ინსტიტუციური მოწყობა და ატარებს სანდო ეკონომიკურ პოლიტიკას.

საქართველოს ძალისხმევა შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ჩვენ ვამაყობთ, რომ საერთაშორისო რეიტინგებში მუდმივად გვაქვს აღიარება ბიზნესის კეთების სიმარტივის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და არსებული დემოკრატიული მმართველობის გამო.

მდგრადი განვითარებისკენ მიმავალი გზა ეფუძნება ჩვენს კოლექტიურ უნარს დავამყაროთ კავშირები, ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან და განვახორციელოთ ინოვაციები. ამ მხრივ საპარლამენტო დიპლომატიას განსაკუთრებული როლი აკისრია“, -აღნიშნა გიორგი კახიანმა.

ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოს საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ანტონ ობოლაშვილმა აქცენტი საქართველოს ეკონომიკურ პროგრესსა და მიღწევებზე გააკეთა.

„2023 წელს, საქართველოს წილად ხვდა პატივი, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური რიგით 48-ე სესია თბილისში ჩაეტარებინა - ეს ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული შემთხვევა იყო. ამ ღონისძიების ფარგლებში საქართველო ასამბლეის ასოცირებული წევრი გახდა, რითიც ჩვენს ურთიერთობებში ახალი თავი დაიწყო.

ბოლო წლებში, საქართველო შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ ეკონომიკად ჩამოყალიბდა. გლობალური გამოწვევების, მათ შორის პანდემიის შედეგებისა და რეგიონული გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, საქართველომ შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა, მიაღწია დაბალ ინფლაციას და აჩვენა მთლიანი შიდა პროდუქტის მყარი ზრდა. ჩვენმა ქვეყანამ წარმატებით გადალახა გარე შოკები და 2021-2022 წლებში აჩვენა შთამბეჭდავი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რის შედეგადაც შეინარჩუნა ძლიერი ზრდის ტრაექტორია - 2023 წელს 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდის ტემპით, 2024 წელს 9.5%-ით, ხოლო 2025 წლის იანვარ-აპრილისთვის მშპ-ს საშუალო ზრდა 8.8%-ს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი თანმიმდევრული რეფორმების, პასუხისმგებლობიანი მმართველობისა და მდგრადი განვითარების მკაფიო ხედვის შედეგია, რაც ხელს უწყობს გამჭვირვალობას, კონკურენტუნარიანობას და ინვესტორების ნდობას.

ჩვენი მშპ აგრძელებს ზრდას, რაც განპირობებულია ვაჭრობის, ტურიზმისა და ინვესტიციების ზრდით. ჩვენი ტურიზმის სექტორი აგრძელებს აყვავებას - ყოველწლიურად საქართველო მასპინძლობს მილიონობით ვიზიტორს მთელი მსოფლიოდან, რაც ასახავს ჩვენს მზარდ გლობალურ მიმზიდველობას“, - განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო მზადაა, წვლილი შეიტანოს საერთო მიზნების მიღწევაში და გააღრმავოს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა ფრანკოფონიის სამყაროს სხვა წევრ სახელმწიფოებთან.

„ჩვენ ვაფასებთ ჩვენს მონაწილეობას ფრანკოფონიაში და გვჯერა, რომ ეს საპარლამენტო ასამბლეა დარჩება საპარლამენტო დიპლომატიისა და თანამშრომლობის სასიცოცხლო პლატფორმად მსოფლიოში, რომელიც რთული გამოწვევების წინაშე დგას“, - განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სესიის გახსნით ნაწილში დელეგატებს სიტყვით მიმართეს: საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა იელ ბონ პივემ, საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტმა ჟერარ ლარშემ და ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჰილარიონ ეტონგმა.

ღონისძიებას ესწრებოდა ასამბლეის წევრი 60-მდე ქვეყნის 400-ზე მეტი დელეგატი.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.