საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება შეკრების უფლების რეალიზაციის თაობაზე განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე

საქართველოს სახალხო დამცველი

როგორც მედიაში გავრცელებული ინფორმაციიდან გახდა ცნობილი, 2025 წლის 16 დეკემბერს საქართველოს პარლამენტთან შეკრებილ პირებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ბოლო საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აცნობა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც შეკრება, მათ შორის, ხალხის სავალ ადგილას იმართება და მათ მოძრაობას აფერხებს, საჭიროა სამინისტროს სათანადო წესით, 5 დღით ადრე გაფრთხილება. სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, მსგავსი გაფრთხილების წარდგენის შემდეგ, შეკრების მსურველები უნდა დაელოდონ სამინისტროს პასუხს და შესაბამის მითითებებს, აღნიშნული პროცედურის დაუცველობის შემთხვევაში კი, შეკრება ჩაითვლება კანონდარღვევად და მისი მონაწილეების მიმართ გატარებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში 10 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, შეკრების ჩატარების შესახებ წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება გავრცელდა იმ შემთხვევებზეც, როდესაც შეკრება იმართება „ხალხის სავალ ადგილას“ ან „ხალხის მოძრაობას აფერხებს“. საყურადღებოა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიენიჭა უფლებამოსილება, გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში განიხილოს შეკრების ჩატარების ადგილის ან/და დროის, სვლაგეზის მიზანშეწონილობის საკითხი და გასცეს სავალდებულო მითითება, თუ ეს შეკრება, მათ შორის, საფრთხეს უქმნის ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას.

გაფრთხილების ზემოხსენებული პროცედურის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული მითითებების დაუცველობისთვის, აგრეთვე ხალხის გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლებების შექმნისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული იქნა მკაცრი სანქციები, რაც, კანონით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევების[1] გარდა, შეკრების მონაწილეების და ორგანიზატორების ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებას გულისხმობს. ამავე დროს მითითებების მიცემის და უფლებაში ჩარევის საფუძვლები საკმაოდ ფართო განმარტებების შესაძლებლობას იძლევა.