საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ნუმან ქურთულმუშს შეხვდა

მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ნუმან ქურთულმუშს შეხვდა. პირისპირ გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები განიხილეს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქართული მხარე დაინტერესებულია ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მორიგი შეხვედრის გამართვით.

მიხეილ ყაველაშვილისა და თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების სპიკერს შორის პირისპირ გამართულ შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე გამახვილდა ყურადღება, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმულას და ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში. მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა,რომ მიესალმება აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ განგრძობადი მშვიდობის დამყარებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობისკენ სვლას.

შეხვედრაზე უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში ისაუბრეს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით.

პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, არსებული რეგიონული და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები ჩვენს ქვეყნებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის, მდგრადი განვითარებისა და სანდო პარტნიორობის ნათელი მაგალითია.

საქართველოს პრეზიდენტი ანკარაში ოფიციალური ვიზიტით მეუღლესთან ერთად იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილმა პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გამართა, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.