საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

პარლამენტი

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა  „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი.

კანონპროექტი მიზნად ისახავს შექმნას საკანონმდებლო საფუძველი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს შესაძლებლობას მისცემს  ბრძანებით დაადგნოს პარლამენტის აპარატის საპენსიო ასაკს მიღწეული თანამშრომლისათვის ერთჯერადი კომპენსაციის გაცემის წესი, საპენსიო ასაკის მიღწევის გამო თანამშრომლის პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში.

კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება დამატებით სოციალურ პირობებს შექმნის პარლამენტის აპარატის საპენსიო ასაკს მიღწეული თანამშრომლებისათვის, რითაც მათ კიდევ ერთხელ დაუფასდებათ წლების განმავლობაში პარლამენტის საქმიანობაში შეტანილი წვლილი.

ამავე კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები ხორციელდება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში. ცვლილების მიზანია „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ მუშაობის პროცესში გამოკვეთილი ხარვეზების აღმოფხვრა.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, პირველი მოსმენის შემდეგ პროექტს ცვლილება არ განუცდია.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.