საპროტესტო გამოსვლები პროგნოზირებადი არ გვექნება - ეს პროტესტი იქნება პერმანენტული - ირაკლი ფავლენიშვილი

ირაკლი ფავლენიშვილი

"ჩვენ პროგნოზირებადი არ გვექნება საპროტესტო გამოსვლები უახლოესი დღეების განმავლობაში," - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მათი პროტესტი იქნება პერმანენტული და მიზნის მიღწევამდე არ დასრულდება.

"ავტორიტარული რეჟიმისთვის სარგებლის მიცემას წარმოადგენს იმაზე საუბარი, თუ კონკრეტულად რას, სად და როგორ ვაპირებთ. როგორც გუშინ არ იცოდა რეჟიმმა ჩვენი მოქმედებების შესახებ, ისე იქნება მომავალშიც. ეს პროტესტი იქნება პერმანენტული, არ გაჩერდება საბოლოო მიზნის მიღწევამდე.

ჩვენ ძალიან მასშტაბური აქციებიც ვიხილეთ წარსულში. პერმანენტულობის დროს, არის აქციები, როდესაც უფრო მრავალრიცხოვანია ან ნაკლებად მრავალრიცხოვანია, მაგრამ ქართველი ხალხი თავის სათქმელს თბილისის ქუჩებში იტყვის," - აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.