საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ვაკის პარკისკენ მსვლელობით მიემართებოდნენ, ყიფშიძის ქუჩისკენ გადაინაცვლეს

ნკ

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, როლებიც ვაკის პარკისკენ მსვლელობით მიემართებოდნენ, ყიფშიძის ქუჩისკენ გადაინაცვლეს. მსვლელობის პროცესში, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდული იყო.

“ჩვენი მიზანია, პოლიცია არ დაგვეწიოს და არ დააპატიმრონ ჩვენი მეგობრები,“ - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

შეგახსენებთ, რომ მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირიდან, სადაც აქცია 8 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ გადაინაცვლეს. იქ მათ სახელდახელო ბარიკადები აღმართეს და კოცონი დაანთეს. მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იყო.

მალევე, ჭავჭავაძის გამზირზე გამოჩნდა სპეცრაზმი, წყლის ჩავლის მანქანა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის მანქანები. ხმოვანი გაფრთხილების შემდეგ, სპეცრაზმმა წყლის ჭავლი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენა, სახანძრო-სამაშველო სამსახურის მანქანებმა კი დემონსტრანტების ანთებული კოცონი ჩააქრეს.