დაკავებულია პირი, რომელიც ბაჩიაშვილს ქვეყნიდან ფარულად გაყვანაში დაეხმარა - შსს დეტალებს ავრცელებს
1741252008
"სანქცირებისთვის ახსნა უნდა მოეძებნათ და ლაშა ტალახაძეს აგრესიულობა დააბრალეს," - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოზე" საუბრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, "არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა იყოს ნეიტრალური", თუმცა, მისივე თქმით, აღნიშნული ორგანიზაცია ამ მიზანს არ ემსახურება.
"არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა იყოს ნეიტრალური. ის ნეიტრალურად უნდა უყურებდეს მოვლენებს და თუ რამეს უარყოფითს დაინახავს, ხელისუფლებასაც უნდა მიუთითოს და ოპოზიციასაც. მაგრამ, როდესაც ერთი პატრონი ჰყავთ მათ და ამ პატრონებზე უკვე ლაპარაკით აღარ მინდა, თვითონ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამხილა ის ფონდები, რომელიც მათ პატრონობდნენ არასწორი საქციელის ჩადენის გამო ერთადერთი მიზნით, რომ საქართველოს თავისი სუვერენული სახე დაეკარგა.
სანქცირებისთვის ახსნა უნდა მოეძებნათ და ლაშა ტალახაძეს აგრესიულობა დააბრალეს. თითქოს ლაშა ტალახაძე დასანქცირდა აგრესიულობისთვის, ეს არის პროპაგანდისტების ჯგუფი, რომლებიც ებრძვიან ავტორიტეტებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც საქართველოსთვის რამე სიკეთე მოუტანია," - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, "ქართული ოცნება" "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს. საქმე იმაშია, რომ ორგანიზაციამ გაავრცელა დეტალური აღწერა ესტონეთის მიერ სანქცირებული პირების. ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებულია სანქცირების მიზეზებიც, რაც "ქართული ოცნებისთვის" არის დასტური რომ სანქცირებულთა სია შეიქმნა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კოორდინაციით, ორგანიზაცია გასული წლიდან სწორედ ესტონეთში არის დარეგისტრირებული. ბალტიის ქვეყნების გადაწყვეტილება სამი დღის წინ გახდა ცნობილი. ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ქართველ თანამდებობის პირებს, მათ შორის დეპუტატებს, სასამართლო ხელისუფლების და, ასევე "ალტ-ინფოს" წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.