„სანქციების მთელი სერიალი ზუსტად „დიფ სთეითის“ ხელწერაა“ - გურამ მაჭარაშვილი

მაჭარაშვილი

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ, კიდევ ოთხ ქართველ ოფიციალურ პირს სანქციები და სავიზო შეზღუდვა დაუწესა. ესენი არიან გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი, შს მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძე და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ სანქციები "დიფ სთეითის" ხელწერაა:

„სანქციების მთელი სერიალი ზუსტად "დიფ სთეითის" ხელწერაა. რამდენჯერმე ვთქვით და გავიმეორებთ, ევროპის ტიპის ქვეყნები, მაგალითად როგორიც არის სლოვაკეთი, მისი პრემიერი კინაღამ მოკლეს, ამერიკის პრეზიდენტი რომ არის დღეს და კანდიდატი რომ იყო ტრამპი, ისინიც კინაღამ მოკლეს. ამერიკის უკვე მოქმედი პრეზიდენტი აღიარებს, რომ მას "დიფ სთეითი" და გლობალური ომის პარტია ებრძვის და ახლა, ვინმეს მოუტრიალდეს ენა და თქვას, რომ თურმე ჩვენ ვიძახით არასწორს. შესაბამისად, ასეთი სანქციები, ბრიტანეთი იქნება თუ ნებისმიერი ქვეყანა, სადაც ჯერჯერობით "დიფ სთეითი" ისევ მძლავრობს - სამწუხაროდ, გასაკვირი არ არის საქართველოსთან მიმართებაში,“ - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.