სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები, თავიანთი დამოკიდებულებით, საბჭოთა მიდგომებსაც კი აჯობებენ - ირაკლი კირცხალია

ირაკლი კირცხალია

არაერთხელ გვითქვამს, რომ სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ, რომელთაც ესაუბრებიან, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ცვლილებებზე საუბრისას.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ევროკავშირი საკუთარ ფუნდამენტურ ღირებულებებს უნდა დაუბრუნდეს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება თავად ქვეყნებმა უნდა მიიღონ, დათანხმდებიან თუ არა ბრიუსელის მიერ წამოყენებულ პირობებს.

"ისინი აცხადებენ გაფართოების კრიტერიუმებს და ამ კრიტერიუმებით აცხადებენ, ვინ არის მზად სრული მონობისთვის. ისინი აცხადებენ ამ კრიტერიუმებით, ვინ არის მზად, რომ თქვას სრულ სუვერენიტეტზე უარი, 100%-ით დათმონ სუვერენიტეტი, სასამართლო ხელისუფლება, ვეტინგისთვის. როდესაც საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლება ხალხს არ ეკუთვნის, ეს არის საუკეთესო საბჭოთა სახელმძღვანელოთი ხელმძღვანელობა. მეტსაც ვიტყვით, უფრო მეტად ჰიბრიდული, დახვეწილი და დღევანდელ ტექნოლოგიებსა თუ პოლიტიკურ რეალობას მორგებული. ყოველთვის ვამბობდით, რომ ევროკავშირში უნდა დაბრუნდეს ევროპულ ღირებულებებს, რომლებზეც თავის დროზე იდგა ევროკავშირი. ამ ქვეყანაზე არაფერია მუდმივი, განსაკუთრებით პოლიტიკოსები და ბიუროკრატია, რომელიც მსგავს გადაწყვეტილებებს იღებს. ასე რომ, მათი გადაწყვეტილებაა და შემდეგ იმ ქვეყნების გადაწყვეტილებაა, დათანხმდნენ ამ პირდაპირ მონური მორჩილების პირობებს თუ არა. სად და როგორ წავა ევროკავშირი და ბრიუსელი ასეთ მოთხოვნებით, ამასაც კარგად დავინახავთ ჩვენც და მთელი მსოფლიოც", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

✕