სასიხარულო სიახლე მათთვის, ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს
1784317315
სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთის გახსნა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოში ჩქაროსნული ავტომაგისტრალები სწრაფი ტემპით შენდება და ვითარდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ახალი მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ავტომაგისტრალების მშენებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გრძელდება და დღეს ქვეყანაში უკვე ექსპლუატაციაშია მიღებული 389 კილომეტრი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი.
„დღეს ვხსნით სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთს, ჩვენ ცოტა ხნის წინ გავხსენით ამ მაგისტრალის მეორე მონაკვეთი, ეს დღე არის იმის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველოში ჩქაროსნული ავტომაგისტრალები სწრაფი ტემპით შენდება და ვითარდება და ჩვენი მიზანია, ეს საქმე სწრაფ ტემპშივე მივიყვანოთ ბოლომდე.
ჩვენი გეგმის თანმიმდევრული განხორციელების შედეგად, დღეს ქვეყანაში უკვე ექსპლუატაციაშია 389 კილომეტრი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ხოლო 60 კილომეტრზე ასევე სწრაფი ტემპით გრძელდება სამუშაოები.
მინდა, შეგახსენოთ, რომ 2012 წლამდე მთლიანად საქართველოში მხოლოდ 68 კმ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი იყო აშენებული და ესეც იყო ყველაზე მარტივი მონაკვეთი. თქვენ ხედავთ, რამდენად დაჩქარებულია საქართველოში ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის ტემპები.
ეს დღე არის მნიშვნელოვანი ეტაპი ამ გზაზე, ჩვენ დღეს ვხსნით 6-კილომეტრიან მონაკვეთს, სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის სამუშაოები მომავალ წელს მთლიანად დასრულდება და მთლიანად იქნება აშენებული 52-კილომეტრი, სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალი. მომავალ წელს იგეგმება უკვე მისი გახსნა, ახალი გზით ჩვენ გვერდს ვუვლით საკმაოდ მჭიდროდ დასახლებულ ზონას. შედეგად, მგზავრობის დრო თითქმის მესამედით მცირდება, იზრდება უსაფრთხოება და გადაზიდვების ეფექტიანობა.
აქტიურად გაგრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით ავტომაგისტრალების მშენებლობა. წელსვე გაიხსნება გრიგოლეთი-ქობულეთის დარჩენილი ნაწილი. ქვეშეთი-კობის ისტორიული პროექტის ფარგლებში - გუდაურამდე მისასვლელი გზა. უკვე გამოცხადებულია საერთაშორისო ტენდერი თბილისის 49-კილომეტრიან შემოვლით გზაზე და ბათუმი-სარფის მაგისტრალზე. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომელიც ქვეყანაში გამტარუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის. ამასთანავე, უახლოეს მომავალში დაიწყება კახეთის მიმართულების დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობა, ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის დარჩენილი მონაკვეთების მშენებლობა და ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის მშენებლობა.
მთლიანობაში ჩვენი გეგმა არის ძალიან ამბიციური, სამთავრობო ანგარიშის წარდგენისას ჩვენ აღვნიშნეთ, რომ 2031 წლისთვის გვინდა თითქმის ყველა მონაკვეთის მთლიანად დასრულება, დარჩენილი იქნება ამ დროისთვის მხოლოდ 1 მონაკვეთი, რომელსაც იქიდან 1 წელიწადში ასევე მივიყვანთ ბოლომდე,”- აღნიშნა პრემიერმა.