სამშობლოს სიყვარულით არ მართლდება გადამწვარი რუსთაველი - ნათია მოდებაძე

ნათია მოდებაძე

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცეს და თბილისის მერის, კახა კალაძის ანგარიში მოისმინეს. საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ნათია მოდებაძემ დედაქალაქის მერს მისი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ვისაც დანახვა უნდა, ხედავს მოწესრიგებულ ქალაქს, გამართულ ინფრასტრუქტურას, გამართულ სატრანსპორტო მომსახურებას, გამაგრებულ ავარიულ შენობებს, ასობით უბინაოდ დარჩენილი ადამიანისთვის გადაცემულ ბინებს, ათობით აშენებულ და რეაბილიტირებულ საბავშვო ბაღს, სასწავლო და დასაქმების, ასევე ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებს.

ძალიან ბევრს ამბობს 2017 და 2025 წლების ბიუჯეტების შედარებაც. მადლობა იმისთვის, რომ უერთგულებთ სამშობლოს და ბოდიში იმისთვის, რომ ამ ერთგულებისთვის „ისჯებით“, - აღნიშნა მოდებაძემ.

ნათია მოდებაძე თავის გამოსვლაში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც შეეხო და განაცხადა, რომ დღევანდელი დაძაბულობის სათავე ცოტა უფრო შორიდან იწყება, კონკრეტულად კი ე.წ „შავი ფულის“ მოკლების საფრთხის ქვეშ მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან მოდის. საკრებულოს უმრავლესობის წევრმა აქციის მონაწილეებსაც მიმართა.

„გეკითხებით ყველას: ჯერ ლანძღავთ თქვენგან განსხვავებული აზრის მქონე ხალხს და მერე მოუწოდებთ, გვერდით დაგიდგნენ? შეეშვით იმ ხალხის წყევლას, რომელიც თქვენთან არ დგას. თქვენ უკიდურესი სალანძღავი სიტყვებით მოიხსენიებთ პატრიარქს, დასცინით ოჯახის სიწმინდის დღეს გამოსულ ასი ათასობით ადამიანს. როდესაც თქვენთან პოლემიკაში შემოვდივართ, შეურაცხყოფაზე გადმოდიხართ. ჩვენ კი ასე ხელაღებით არავის ვლანძღავთ და სამშობლოს ღალატს არ ვაბრალებთ. სწორედ ეს არის თქვენსა და ჩვენ შორის განსხვავება. სამშობლოს სიყვარულით არ მართლდება გადამწვარი რუსთაველი, გაქურდული მაღაზიები და სხვა“, - განაცხადა ნათია მოდებაძემ.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრის თქმით, მას ეჭვი ეპარება აქციის მონაწილეების გულწრფელობაში კიდევ იმიტომ, რომ ისინი 2008 წლის უბედურების ავტორების გვერდით დგანან, რომლებმაც ქვეყანა თავხედურ პროვოკაციას შესწირეს.

„თქვენ რომ სამშობლო გიყვარდეთ, ყველაზე მნიშვნელოვან დროს, როდესაც ევროკავშირმა გამოაცხადა, 2028 წლამდე გაფართოების საკითხს არც კი განვიხილავო, გვერდზე დაგვიდგებოდით და იქით მიმართავდით პროტესტს იმ შანტაჟისთვის, რასაც მავანი უწყობს ჩვენს ქვეყანას. რანაირად დავიჯერო, რომ თქვენ მართლა ევროპა გსურთ? ვერ დავიჯერებთ თქვენი პროტესტის გულწრფელობას. ზუსტად ვიცი, რომ ყველა ქმედებით დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს აგვარიდოს ომს და მშვიდობიანად გადადგას ნაბიჯები ევროპისკენ“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა.