სამოქმედო გეგმის პროცესი გამოიყენეს, როგორც გარკვეული მექანიზმი საქართველოს წინააღმდეგ, აქციის მონაწილეთა 99 პროცენტს წარმოდგენა არ აქვს, რას წარმოადგენს ეს პროცესი - გია ვოლსკი

გია ვოლსკი

საქართველოს, რომელიც თავის მოვალეობებს ინტენსიურად, მაღალი ხარისხით ასრულებს, როგორ შეიძლება, ერთი სიტყვაც არ უთხრა იმის თაობაზე, რომ ქვეყანა ყველა მაჩვენებლით წინ უსწრებს ყველა კანდიდატ ქვეყანას და ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას. რასაკვირველია, ეს დეზინფორმაციაა, რასაც თავისი მიზეზი და საფუძველი აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მოლაპარაკებების საკითხი გამოიყენეს, როგორც გარკვეული მექანიზმი საქართველოს წინააღმდეგ.

„ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ ლგბტ და გამჭირვალობის შესახებ კანონების გამო ევროკავშირი საქართველოზე გაბრაზებული იყო. დღეს ამას დაემატა ის, რომ სამოქმედო გეგმის დაშვების პროცესი გამოიყენეს, როგორც გარკვეული მექანიზმი საქართველოს წინააღმდეგ – დიალოგი იქნება, არ იქნება. ეს პროცესი რას წარმოადგენს, ამაზე წარმოდგენა არ აქვს აქციის მონაწილეთა 99 პროცენტს. 30 საკითხზე მეტია, სადაც მოლაპარაკებები იხსნება, შემდეგ ფასდება და გადაწყვეტილებები სხვადასხვა მიმართულებებით გამოდის. დღესვე მზად ვართ, ეს მოლარაპაკებები დავიწყოთ. ჩვენ ვაპირებთ, რომ 2028 წლისთვის, შემდეგ ხელისუფლებას ისეთი საქართველო დავუტოვოთ, რომელსაც სამოქმედო გეგმით შესრულებული ექნება ვალდებულებები, რაც ასოცირებული წევრისთვის არის გათვალისწინებული. რასაკვირველია, უფრო ფასეული და საფუძვლიანი იქნება, რომ მოლაპარაკებების კონკრეტულ თემებზე გადავიდეთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას, სადაც კობახიძემ აღნიშნა, რომ „2028 წლის ბოლომდე არ დავაყენებთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, უარს ვამბობთ ევროკავშირიდან გრანტზე, განვაგრძობთ სვლას ევროკავშირისკენ, თუმცა არავის მივცემთ მუდმივი შანტაჟის საშუალებას“. როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნული განცხადების შეფასებისას განაცხადა, „ნამდვილად სამწუხაროა გუშინდელი განცხადება, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში“.