1750246026
სამმართველოს ეზოში ცემის შემდეგ პოლიციელმა მითხრა, „გრეჩიხებს“ აგინე, თორემ მოგკლავო, ანუ ლევან გაჩეჩილაძეს და მის ძმას, რატომ უნდა ვაგინო-მეთქი და დუბინკა ჩამარტყა - მიხეილ მესხი

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე, სადაც 2009 წლის 15 ივნისის აქციასთან დაკავშირებული მოვლენები განიხილება, მიხეილ მესხს უსმენენ.
მიხეილ მესხმა კომისიის სხდომაზე მისი დაჭერისა და ცემის ფაქტები გაიხსენა.
„წავედით დიღომში, პოლიციის სამმართველოსთან. ვიდექით მშვიდობიანად, არც გზა გადაგვიკეტავს, არაფერი. მოულოდნელად გავიგონე ყვირილის ხმა, უკანა მხრიდან მორბოდნენ პოლიციელები. შლაგბაუნიც უცებ გაიხსნა და ეზოში მდგარი პოლიციელებიც გამოცვივდნენ. გავიქეცი სასამართლოს მხარეს. ეტყობა, კორპუსის სადარბაზოებშიც იმალებოდნენ, რადგან ხიდზე გადავედი თუ არა, მაშინვე დამიჭირეს. ვერცხლისფერ „ფორცვაგენში“ ჩამსვეს. წამიყვანეს „მოდულის“ შენობისკენ. მაშინ კუდის სამსახური იყო იქ. გზაში ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, აქ მოიყვანეო, შემდეგ ვიღაც ურეკავდა, არა, აქ მოიყვანეთო. არმისული ვეფხვი და მოყმესთან, გააჩერეს მანქანა და ვიღაც ეუბნებოდა, აქეთ წამოიყვანეთო, სხვა ეუბნებოდა, არა აქეთ მოიყვანეთო. საბოლოოდ წამომიყვანეს სამმართველოსკენ. მანქანიდან რომ გადმომიყვანეს, ეტყობა, კრიმინალური პოლიციის მაშინდელი მაღალჩინოსნები იყვნენ, ოთხი-ხუთი ადამიანი იდგა. ერთ-ერთ რიგით პოლიციელს გამოართვა რეზინის ხელკეტი, თავი დამაწევინა და ქვემოდან მირტყამდა. შემდეგ თქვეს, ახლა გაატარეთ „სირცხვილის კორიდორშიო“. სამმართველოს ეზოში კიბეები იყო, ბევრი მირტყამდა, მცემდა. ღმერთს ვთხოვდი, გავთიშულიყავი, ისეთ ტკივილებს ვგრძნობდი. ბოლო კიბეზე როცა ავედი, ვიღაც ჯანზე მყოფ ადამიანს ბეისბოლის ჯოხი ეკავა და თავში დამარტყა, თითქმის გავითიშე. ბეისბოლის ჯოხი როცა დამარტყა, უკვე გონებას ვკარგავდი. შენობაში შევედი, სადაც ბიჭები ეყარნენ ძირს. დავინახე ორი-სამი გადამღები ვიდეოკამერა, გამიხარდა, ალბათ ჟურნალისტები არიან და აღარ მცემენ-მეთქი. თურმე თვითონ გვიღებდნენ. ერთ-ერთმა პოლიციელმა მითხრა, ახლა გრეჩიხებს აგინეო. ანუ, ლევან გაჩეჩილაძეს და მის ძმას. რატომ უნდა ვაგინო-მეთქი და დუბინკა ჩამარტყა ტუჩებში. აგინე, თორემ მოგკლავო. საშინელი დღე იყო. ცუდად ვარ, თავი დამანებეთ-მეთქი. მაშინდელი ძველი თბილისის სამმართველოს უფროსი იყო ირაკლი ყიფშიძე, რომელიც მოვიდა და თქვა, გეყოფათ, თავი დაანებეთ და ქვემოთ ჩაიყვანეთო. ამ ადამიანს აქციებიდან ვიცნობდი. კიბეებით ჩამიყვანეს ქვემოთ, იქ თვითონ არ შემოუშვიათ. ვიღაც პოლიციელი მოვიდა და მაგინებდა, სკამის ფეხი ეკავა ხელში და მეუბნებოდა, მაქედან ხომ გამოხვალო. დროებითი მოთავსების იზოლატორში არავის ვუცემივარ“, – განაცხადა მიხეილ მესხმა.
ამასთან, მიხეილ მესხმა დროებითი მოთავსების იზოლატორში იმჟამინდელი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრის, ეკა ხერხეულიძის მისვლა გაიხსენა.
„შემოსული იყო ეკა ხერხეულიძე, დიმა ლორთქიფანიძე და რუსუდან მკერვალიშვილი. ეკა ხერხეულიძემ შემოგვთავაზა, ბოდიშს თუ მოუხდითო. რაზე მოვიხადოთ ბოდიში-მეთქი? პარლამენტარებს გზა რომ გადაუკეტეთ და დისკომფორტი შეუქმენითო“, – განაცხადა მიხეილ მესხმა.
კომისიის სხდომაზე მიხეილ მესხმა აღნიშნა, რომ ვიდრე დაიჭერდნენ, წინა დღეს მას „ქუჩურად იტაცებდნენ“ და მეზობლების დახმარებით, იმ დღეს მისი დაკავება არ მომხდარა.
„სახლიდან რომ გამოვედი, საეჭვოდ შევნიშნე მამაკაცები. ვყვიროდი, მეზობლებო, მიშველეთ მკლავენ მეთქი. უცებ მომადეს იარაღი და მითხრეს, გადი, თორემ შენს მეზობელთან დაგამთავრებ, აქ დარჩები მკვდარიო“, – განაცხადა მიხეილ მესხმა.

ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090

ნონა გაფრინდაშვილი მიმართვას ავრცელებს
1750161479