სალუქვაძე: ვფიქრობ, ისრაელის მხრიდან უახლოეს დღეებში სამხედრო მოქმედებები გაგრძელდება. აქ მხოლოდ ბირთვული პროგრამის საკითხი არ წყდება, ისრაელისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა და უკავშირდება სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნის საკითხს

ამირან სალუქვაძე

ვფიქრობ, უახლოეს დღეებში, სამხედრო მოქმედებები გაგრძელდება ისრაელის მხრიდან, აქ არ წყდება მხოლოდ ბირთვული პროგრამის საკითხი, თუმცა ისრაელისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა და უკავშირდება ისრაელის სახელმწიფოს ყოფნა არყოფნის საკითხს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ სამხედრო ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ ირანსა და ისრაელის დაპირისპირებაზე საუბრისას.

„ჩვენ თვალს ვადევნებდით ორ პარალელურ პროცესს. ერთი მხრივ ეს იყო მოლაპარაკებები ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირობებში და მეორე მხრივ იყო დაძაბული ვითარება მთლიანად რეგიონში. გრძელდებოდა ისრაელის ოპერაცია ღაზას სექტორში, მანამდე ჩვენ ვიხილეთ სირიის მოვლენები, შარშან დაძაბულობა იყო ისრაელ-ირანს შორის. აი ეს ორი პროცესი იყო. გუშინ ეს ყველაფერი დასრულდა იმით, რომ ტრამპმა გააკეთა განცხადება და ფაქტობრივად მიანიშნა, რომ შესაძლოა ყველაფერი მოხდესო. . მან იგულისხმა ისრაელის მხრიდან სამხედრო ოპერაციის განხორციელება, რაც ღამით დაიწყო და დღეს მთელი დღის განმავლობაში თვალს ვადევნებთ.

ვფიქრობ, უახლოეს დღეებში, სამხედრო მოქმედებები გაგრძელდება ისრაელის მხრიდან. აქ არ წყდება მხოლოდ ბირთვული პროგრამის საკითხი, თუმცა ისრაელისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა და უკავშირდება ისრაელის სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნის საკითხს. იცით რა მიზნები ჰქონდა გაცხადებული ირანის დღევანდელ ხელისუფლებას და როგორ უყურებს ის ისრაელის სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნას. ამის გარდა, წყდება გეოპოლიტიკური და რეგიონული მნიშვნელობის საკითხები. ეს ეხება რეგიონის მოთამაშეებს. ვიცით, რომ ირანი ერთ-ერთი სერიოზული მოთამაშე იყო და ამ ოპერაციამ შეიძლება საგრძნობლად შეასუსტოს ირანის პოზიციები, ირანი უკვე საკმაოდ სუსტ პოზიციაშია წარმოდგენილი. გაცილებით მნიშვნელოვანია გარე აქტორების პოზიციების შესუსტება, ეს პირველ რიგში ეხება რუსეთსა და ჩინეთს“, - აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.

ისრაელმა გამთენიისას ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით „აღმავალი ლომი“ დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში დაიბომბა ირანის ბირთვული ობიექტები, ლიკვიდირებული არიან ირანის უმაღლესი სამხედრო თანამდებობის პირები და მეცნიერ-ფიზიკოსები, რომლებიც ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდნენ.