სალომე სამადაშვილი: ყველა ქვეყანაში, სადაც ოპოზიცია არჩევნების ბოიკოტზე წავიდა, ხელისუფლებამ მყარად ჩაიბეტონა პოზიციები, ბოიკოტის მომხრეები ჩვენზე ამდენ რესურსს რატომ ხარჯავენ, პოზიციებში თუ ძლიერი ხარ, წადი და შენს საქმეს მიხედე

სალომე სამადაშვილი

მშვიდობიანი დემონსტრაცია არის კონსტიტუციით დაცული უფლება და ამ უფლებას ყველამ უნდა სცეს პატივი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორივე პროცესი, როგორც საზოგადოებრივი, ასევე საარჩევნო აქტიურობა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით არ აქვს ინფორმაცია, რა იგეგმება და როგორი აქცია იქნება.

„ყოველთვის ვგულშემატკივრობ საზოგადოებრივ პროტესტს, რადგან ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ივანიშვილზე ზეწოლისთვის. რაც შეეხება 4 ოქტომბრის აქციას, ამ აქციის შესახებ ბევრი რამ არ ვიცი. პარტიები, რომლებიც ამ აქციის უკან დგანან, უნდა იყვნენ ინფორმირებული, რა იგეგმება. არ ვიცი, რა და როგორი აქციაა, ამიტომ, ვერაფერს გეტყვით. ერთი რამ ვიცი, რომ მშვიდობიანი დემონსტრაცია არის კონსტიტუციით დაცული უფლება და ამ უფლებას ყველამ უნდა სცეს პატივი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორივე პროცესი, როგორც საზოგადოებრივი, ასევე საარჩევნო აქტიურობა. ჩვენ ამ ბრძოლაში იმიტომ შევედით, რომ გვინდა ხელისუფლების ცვლილება. ცრუ დილემაა მოგონილი პროპაგანდისტების მიერ. ბოიკოტი მათი უფლებაა, ოღონდ მხილება უნდა ცრუ დილემას, თითქოს ჩვენ არჩევნებში მონაწილეობით ვამბობთ, რომ ივანიშვილის ხელისუფლება უნდა ჩაბეტონდეს. პირიქით, ჩვენ ვამბობთ, რომ არჩევნებში თუ არ მივიღებთ მონაწილეობას, მოხდება ისე, როგორც მოხდა ყველა ქვეყანაში, სადაც ოპოზიცია არჩევნების ბოიკოტზე წავიდა – ხელისუფლებამ მყარად ჩაიბეტონა პოზიციები. ხელისუფლების შეცვლა რომ გვინდა, ახალი საპარლამენტო არჩევნები, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასრულება, ამიტომ შევდივართ საარჩევნო პროცესში. მათ თავად არ აქვთ პასუხი კითხვაზე, რა იქნება 4 ოქტომბერს. არ ვიცი, ვინ არის ორგანიზატორი, ისიც არ ვიცი, ვინ გააცნობს საზოგადოებას გეგმას. ჩვენ ყოველთვის ვიღებდით პროტესტში მონაწილეობას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის შეცდომა იყო ერთიანი ფრონტის არარსებობა და დაბალი აქტიურობა თბილისში.