საკმაოდ მასშტაბურ კამპანიას ვიწყებთ, რომელიც ხელს შეუწყობს, ბევრად მეტი ტურისტი ჩამოვიყვანოთ ევროპიდან საქართველოში - მაია ომიაძე

მაია ომიაძე

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი, მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის შესახებ საუბრობს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. მაია ომიაძის განცხადებით, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში მრავალმხრივი მარკეტინგული კამპანია მსხვილ ავიაკომპანიებთან, მედია პლატფორმებთან და ინფლუენსერებთან თანამშრომლობას მოიცავს.

„საკმაოდ მასშტაბურ კამპანიას ვიწყებთ ევროპის ქვეყნებში. 32 ქალაქსა და რვა ქვეყანაში ერთდროულად სტარტს აიღებს ეს კამპანია, სადაც საქართველოს, როგორც ახალი დანიშნულების შესახებ მოვუყვებით ევროპელებს, რომ სამოგზაუროდ საქართველო აარჩიონ. ეს კამპანია მოიცავს როგორც ტრადიციულ, ასევე ციფრულ მედია არხებს. საქართველოს მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შესახებ ბლოგები, პოდკასტები, სტატიები მომზადდება. გაიმართება ბიზნეს შეხვედრები, მოეწყობა ე.წ. როუდშოუები. საქართველოს ეწვევიან საერთაშორისო ჟურნალისტები. წლის ბოლომდე ეს კამპანია ძალიან დატვირთული იქნება სხვადასხვა ტიპის აქტივობებით და ხელს შეუწყობს ბევრად მეტი ტურისტის ჩამოყვანას, ასევე საქართველოს ცნობადობის ამაღლებას ევროპის ქვეყნებში“, – აცხადებს მაია ომიაძე.

მარკეტინგული კამპანია დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ავსტრიის, საფრანგეთის, შვეიცარიის, პოლონეთის, ნორვეგიისა და შვედეთის ტურისტულ ბაზრებს მოიცავს.

მთელი წლის განმავლობაში, მაისიდან დეკემბრის ჩათვლით, მასშტაბური კამპანიის ფარგლებში, ევროპის მსხვილ ქალაქებში, საქართველოსთვის წარმომადგენლობითი სამუშაო სივრცეები მოეწყობა, რაც ხელს შეუწყობს ტურისტულ ბაზარზე პირდაპირ წვდომას, B2B შეხვედრების ორგანიზებასა და ქართული კერძო სექტორისთვის პარტნიორების მოძიებას, ასევე ბიზნეს თანამშრომლობის დამყარებას.

კამპანიის ფარგლებში, თითოეულ ქვეყნის ოთხ ქალაქში, საქართველოს შესახებ გაცნობითი ტურები და პრეზენტაციები გაიმართება. თითოეულ სამიზნე ბაზარზე საქართველოს შესახებ  ინტერვიუები,  სატელევიზიო სიუჟეტი, რადიო გადაცემები, გარე რეკლამები, ასე ბეჭდურ მედიაში, ციფრულ მედიაში პოსტები და ვიდეორგოლები მომზადდება.

ე.წ. როუდშოუები ჩატარდება შემდეგ ქალაქებში: ბერლინი, ფრანკფურტი, ჰამბურგი,  მიუნხენი, პარიზი, ლილი, ლიონი, ოსლო, ვარშავა, ვროცლავი, კრაკოვი, პოზნანი.

ინფორმაციიას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.