საკმაო დრო გავიდა, რომ ოპოზიციის რიგებში გაერთიანების რესურსი თუ არსებობს, ეს მომხდარიყო, ამისთვის იყო ზურაბიშვილის ფორმატი, გაერთიანება თუ ვერ ხერხდება, დრო არ უნდა დავკარგოთ - ბოკუჩავა

ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, პოლიტიკური დღის წესრიგი, სავარაუდოდ, განისაზღვრება პარტიულ ჭრილში, თუ ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ გადალახეს განსხვავებები და ვერ მოხდება გაერთიანება მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ.

ბოკუჩავას თქმით, დღევანდელ აქციაზე ოპოზიცია იქნება ერთად, რადგან მნიშვნელოვნად მიაჩნია, პოლიტიკური დღის წესრიგის მიუხედავად, საპროტესტო მოძრაობაზე ეროვნული მიზნების ირგვლივ გაერთიანება.

„გუშინ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრიდან გამოსვლისას როგორც აღვნიშნე, ამ შეხვედრაზე ვიყავი ერთადერთი მიზნით და ეს მიზანი იყო, რომ გადამეცა მისთვის პოლიტპატიმრების ოჯახების კონკრეტული დანაბარები, რომლებიც მათგან მივიღე. მათ აქვთ კონკრეტული მოლოდინები, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეთა დიდ ნაწილს, განსაკუთრებით საპროტესტო ნაწილს, რომელიც სამ თვეზე მეტია, იმყოფება რუსთაველზე. აქვთ კონკრეტული მოლოდინები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან და მასში არმონაწილეობასთან დაკავშირებით, ოპოზიციის ერთიანობასთან დაკავშირებით, ისევე როგორც საპროტესტო მოძრაობის მომავალ განვითარებასთან დაკავშირებით, თუმცა, სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ხუთი თვე გავიდა არჩევნებიდან, პრაქტიკულად, აღნიშნულ თემებზე ოპოზიციური ერთობა არ შედგა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ყველანი ვიქნებით ერთად და, ზოგადად, მნიშვნელოვანია, საპროტესტო მოძრაობაზე პოლიტიკური დღის წესრიგის მიუხედავად, ყველა ყოველთვის გაერთიანდეს დიდი ეროვნული მიზნების ირგვლივ, პოლიტიკური დღის წესრიგი, სავარაუდოდ, განისაზღვრება პარტიულ ჭრილში, თუ ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ გადალახეს ეს განსხვავებები და ვერ და არ გავერთიანდით ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ, რასაც აყენებენ პოლიტპატიმრების ოჯახები, საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა და განსაკუთრებით საპროტესტო ნაწილი, რომელიც სამ თვეზე მეტია, დგას რუსთაველზე.

26 ოქტომბრიდან საკმაო დრო გავიდა იმისთვის, რომ ოპოზიციის რიგებში თუ არსებობს გაერთიანების რესურსი, ეს მომხდარიყო. ამისთვის არსებობდა სალომე ზურაბიშვილის ფორმატი, რომელსაც ხელშემწყობ პლატფორმად უნდა ემოქმედა ამგვარი გაერთიანებისკენ, მაგრამ ამდენი თვის შემდეგ თუ ეს გაერთიანება ვერ ხერხდება, ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია დრო. ეს დრო არ უნდა დავკარგოთ. დღევანდელი დღე ერთობის დემონსტრირებისთვის უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ პოლიტიკური საქმიანობა ამ ერთობის არშედგომის პირობებში უნდა გავაგრძელოთ ჩვენ-ჩვენი პარტიული დღის წესრიგით. მაშინ, როდესაც პარტიებს აკრძალვით ემუქრება ივანიშვილი და ქართულ სახელმწიფოს ასამართლებს რუსეთის სახელით, ყველაზე გონივრული, ადეკვატური, რაციონალური, პატრიოტული, ჩემი აზრით, იქნება ძალთა გაერთიანება, მაგრამ ეს თუ სხვა ოპოზიციურ პოლიტიკოსებს არ ესმით და სხვაგვარად უყურებენ საკითხს, მათ აქვთ ჯერ კიდევ კონსტიტუციური უფლება, რომ თავიანთი პოლიტიკური საქმიანობა გააგრძელონ ისე, როგორც მათ მიაჩნიათ მიზანშეწონილად“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.