სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები მყარად იდექით პარლამენტის დაცვის სადარაჯოზე, თქვენ დაიცავით არა მხოლოდ პარლამენტის სასახლე, არამედ პარლამენტი, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტი - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

უკანასკნელ პერიოდში, განსაკუთრებით გასული წლის ბოლოს, ჩვენი ქვეყანა საზოგადოებრივი წესრიგის სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ძალადობრივი ჯგუფებისგან ვიხილეთ შეტევები პარლამენტის შენობაზეც. ამ გამოწვევების პირობებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები მყარად იდექით პარლამენტის დაცვის სადარაჯოზე, თქვენ დაიცავით არა მხოლოდ პარლამენტის სასახლე, არამედ პარლამენტი, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 31-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წვლილი იმ საფრთხეების აღკვეთაში, რომლებიც დემოკრატიულ პროცესებს ემუქრება.

„სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, განსაკუთრებით მათ, ვინც სამსახურებრივ მოვალეობებს ასრულებდა იმ რთულ დღეებში, დიდ მადლობას გიხდით. საქართველოს პარლამენტის სახელით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ და ყოფილ წევრებს, კიდევ ერთხელ, გულითადად გილოცავთ 31-ე წლისთავს და გიდასტურებთ ჩემს დიდ პატივისცემასა და მხარდაჭერას. გისურვებთ მხნეობას, სიმტკიცეს, გამძლეობას, შემდგომ წარმატებას ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.