სახალხო დამცველი აცხადებს, რომ საკუთარ მოადგილეებს საზოგადოებას აპრილიდან წარუდგენს

იოსელიანი

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თამარ კორძაია შესაძლოა, მის მოადგილედ დაინიშნოს.

ლევან იოსელიანის თქმით, ყოფილი კოლეგის მიმართ მისი მხრიდან მსგავსი შეთავაზება არ ყოფილა.

ამასთან, სახალხო დამცველის თქმით, მას ახალი მოადგილეები აპრილიდან ეყოლება, თუმცა კანდიდატურები არ დაუსახელებია.

„ჩემი მხრიდან თამარ კორძაიასთვის ასეთი შეთავაზება არ ყოფილა. შესაბამისად, მე ვიცი, რომ არც მას დაუდასტურებია მსგავსი რამ. არ არსებობს საფუძველი ამ ინფორმაციის, რომელიც ორი დღეა ტრიალებს. იცით, რომ სახალხო დამცველის აპარატი მუშაობს ყოველწლიურ ანგარიშზე, რომელიც მარტის ბოლოს უნდა გაიგზავნოს პარლამენტში. სამივე მოადგილე თვის ბოლომდე ინარჩუნებს თავის ადგილს და მუშაობს ამ ანგარიშის გაგზავნაზე. პირველი აპრილიდან მე წარმოვუდგენ საზოგადოებას ჩემს მოადგილეებს, ვინ იქნება, წინასწარ ვერ გეტყვით. თავისთავად, ვიღაცები მყავს მოაზრებული“, – განაცხადა იოსელიანმა.