საკანონმდებლო ორგანომ დაზვერვის სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტი მიკროფონი

პარლამენტმა „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პირველი მოსმენით განიხილა.

მომხსენებლის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თენგიზ შარმანაშვილის ინფორმაციით, ცვლილებების შედეგად, დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქვეუწყებო დაწესებულებად გარდაიქმნება და მისი სახელწოდება - ეროვნული სადაზვერვო სააგენტო იქნება. სააგენტოს უფროსს და მის მოადგილეებს კი თანამდებობაზე დანიშნავს და გაათავისუფლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

მისივე თქმით, ეროვნული სადაზვერვო სააგენტო ანგარიშვალდებული იქნება უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წინაშე და მისი საქმიანობის ზედამხედველობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი განახორციელებს. სააგენტოს საქმიანობა ასევე საპარლამენტო კონტროლის ქვეშ განხორციელდება.

თენგიზ შარმანაშვილმა კოლეგებს წარმოდგენილი კანონპროექტიდან გამომდინარე, 27 კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი გააცნო და ცვლილებების შინაარსობრივ და ტექნიკურ მიმართულებებზე ისაუბრა.

საკანონმდებლო ორგანომ დაზვერვის სამსახურთან დაკავშირებით მომზადებული ცვლილებების პროექტი 87 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.