1743406626
საგამოძიებო კომისიის არსია არა მხოლოდ ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი იყოს გამოძიებული, არამედ ყველასთვის ჩვენება, რა ტრაგედიები ხდებოდა - ნიკოლოზ სამხარაძე

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობას ერთგვარად ქვეყნის ისტორიის გადახედვა და ყველასთვის იმის ჩვენებაა, რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს.
საქართველოს პირველ არხთან საუბარში ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა, რატომ უგრძელდება მანდატი 2012 წლის შემდეგ პერიოდზე დროებით საგამოძიებო კომისიას.
დეპუტატის თქმით, საჭიროა, რომ არა მხოლოდ 2012 წლამდე პერიოდი იყოს გამოძიებული, არამედ 2012 წლის შემდეგ რას აკეთებდნენ, როგორ მოქმედებდნენ და არის თუ არა კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლის ნიშნები.
„რა თქმა უნდა, ამას თავად კომისია გამოიძიებს და შესაბამის პირებს გამოკითხვაზე დაიბარებს. კომისიის არსია არა მხოლოდ ის, რომ ეს პერიოდი იყოს გამოძიებული, არამედ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ მოისმინოს, რა ხდებოდა ზუსტად, იმ ადამიანებისგან, ვინც დაზარალდა. ეს არის ჩვენი ისტორიის გადახედვა და ყველასთვის იმის ჩვენება, ვინც არ იცის, მაშინ რა ხდებოდა და ვისაც დაავიწყდა, იმის შეხსენება, რა ხდებოდა და რა ტრაგედიები ხდებოდა”, – აღნიშნა სამხარაძემ.