1692302192
საფრთხე, რომელიც შეეხება ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვას, ჯერ არსად წასულა, პირიქით, ეს რისკი უფრო გაღრმავებულია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი სამშობლოს მშვიდობიანი განვითარება გახდეს შეუქცევადი - გიორგი ჩაკვეტაძე

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაზე განმარტებას აკეთებს.
მისი თქმით, „პოლიტიკური საბჭოს განცხადება, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია. ეს თითოეულ მოქალაქეს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ დარწმუნდეს, თუ რა ძალებთან გვაქვს საქმე“.
მისივე განცხადებით, ეპიცენტრმა, რაც მანამდე სხვა ქვეყნების ჩართულობით ხორციელდებოდა, ახლა უკვე ევროპაში გადმოიწია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ განსაკუთრებით დიდია საფრთხე საქართველოს ომში ჩართვის.
„რომ საფრთხე, რასაც შეეხება ქვეყანაში დესტაბილიზაცია, ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა, ჯერ კიდევ არსად არის წასული. პირიქით, ეს რისკი უფრო გაღრმავებულია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი სამშობლოს მშვიდობიანი განვითარება გახდეს შეუქცევადი, არავის მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ საქართველო ჩაითრიოს ომში განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველომ არა ერთხელ იბრძოლა საკუთარი დამოუკიდებლობისთვის და სუვერენიტეტისთვის. ამას ემსახურებოდა პოლიტიკური საბჭოს გუშინდელი განცხადება. თითოეული გზავნილი, რომელიც ამ განცხადებაშია, არის დეტალურად ახსნილი, განსაკუთრებით აღსანიშნავია ის განცხადება, რომელიც მოცემულია, მიუთითებს, რომ არსად წასულა ომის საფრთხე, უფრო მეტიც. მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში არის ახალი ადმინისტრაცია, ჩვენ ამ მხრივ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ პრეზიდენტი ტრამპი გლობალური ომის პარტიის, რასაც ჩვენ „დიპ სტეიტს“ ვეძახით, არაფორმალურ გავლენებს, ამ ყველაფრის წინააღმდეგ ბრძოლაში იქნება წარმატებული. შესაბამისად, ეს ეპიცენტრი, რაც მანამდე სხვა ქვეყნების ჩართულობით ხორციელდებოდა ახლა უკვე ევროპაში გადმოიწია. ევროპა გახდა კერა იმისა, რასაც ჰქვია რისკები რეგიონში, განსაკუთრებით, ჩვენს რეგიონში. შესაბამისად, ვხედავთ რა ხდება ზოგადად ახლო აღმოსავლთეში, მათ შორის, კავკასიის რეგიონში. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ განსაკუთრებით დიდია საფრთხე რაც შეეხება საქართველოს ომში ჩათრევას.
საქართველოს, მის თითოეულ მოქალაქეს მართებს განსაკუთრებული სიფრთხილე. ჩვენ გვაქვს პრიორიტეტები და სამთავრობო პროგრამა, რომელსაც ზედმიწევნით მივყვებით, ასევე არსებობს გამოწვევები და ყველაზე დიდი რისკი, რაც რეალურად ჯერ კიდევ არის შენარჩუნებული არის საქართველოში დესტაბილიზაცია, ქვეყნის ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და შემდეგ, საქართველოს ომში ჩათრევა, რაც დარწმუნებული ვარ, ამ ძალებს არ გამოუვათ“-განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.