ეროვნული ბანკი: ივლისში ლარი დოლარის მიმართ გამყარდა, ევროს მიმართ კი გაუფასურდა

ლარი და დოლარი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება მიმოიხილა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, ივლისში წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.7288-დან 2.7141- მდე, ანუ 0.5%-ით გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ – 3.1393-დან 3.1756-მდე, ანუ 1.2%-ით გაუფასურდა. თვის ბოლოს კი ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.7067 და 3.1230 შეადგინა. საანგარიშო პერიოდში ლარი-დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა 2.7227 იყო, მინიმალური კი – 2.7067.

„ივლისში, საშუალო კურსთან შედარებით, გაცვლითი კურსის მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობა თანაბრად იყო გადახრილი. ივლისში, დოლართან მიმართებაში შესამჩნევია თურქული ლირის გაუფასურება როგორც თვის, ისე წლის ჭრილში; შესამჩნევად გამყარდა ევრო, ასევე გამყარებით ხასიათდებოდა რუსული რუბლი, სომხური დრამი და ლარი; აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად არ შეცვლილა. ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 3.7%-ით, თვის ჭრილში კი 0.3%-ით გაუფასურდა. რაც შეეხება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსს, წლიურად 0.8%-ით გამყარდა, თვის ჭრილში კი 0.4%-ით.

აღსანიშნავია, რომ ლარის დინამიკა სავაჭრო პარტნიორთა ვალუტების მიმართ განსხვავებულად აისახება ნომინალურ ეფექტურ გაცვლით კურსზე, კერძოდ: ევროსთან მიმართებით ლარის გაუფასურება NEER-ს აუფასურებს, მაშინ როდესაც ყველა სხვა ძირითადი სავაჭრო პარტნიორის ვალუტებთან მიმართებით ლარის პოზიცია NEER-ს ამყარებს. ეფექტური კურსის გაუფასურება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე დადებითად აისახება, თუმცა იმპორტულ ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედებს. სავაჭრო პარტნიორთაგან ივლისში წლიური ინფლაცია თურქეთში, უკრაინაში, რუსეთში, ბელარუსსა და აზერბაიჯანში საქართველოსთან შედარებით მაღალი იყო, ხოლო სომხეთში, აშშ-სა და ევროზონაში – დაბალი. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ნაწილში ინფლაციის კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა მთლიანობაში ფასების დონე ჯერ ისევ მაღალი ნარჩუნდება“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშში.