ექსპერტმა დაასახელა 4 „აკრძალული ფრაზა“, რომელიც მანქანის ყიდვისას არ უნდა თქვათ
1757190228
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში ცვლილება, თანმდევ პროექტებთან ერთად, პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მომხსენებლის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ნინო ენუქიძის განცხადებით, ცვლილებების პაკეტი ოთხ მნიშვნელოვან ცვლილებას ითვალისწინებს.
როგორც მან აღნიშნა, პირველი ცვლილება ვალდებულებებით პრივატიზებული ქონების იპოთეკით დატვირთვის საკითხს ეხება.
„კანონის მოქმედ რედაქციაში პრივატიზებული სახელმწიფო ქონების იპოთეკით დატვირთვის შესაძლებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ არსებობს საინვესტიციო ვალდებულებები, რისთვისაც საჭიროა ქონების ეროვნული სააგენტოს თანხმობა, მაგრამ პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, განსაკუთრებით ძველ პრივატიზებებზე, როდესაც ვალდებულებები არ არის ფინანსური ხასიათის. ასე შემთხვევაში, როდესაც ქონების მყიდველს უნდა სახელმწიფოსგან პრივატიზებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა ჩვენ ვერ ვაძლევთ თანხმობას და შესაბამისად, მას შესაბამისი ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობა ეზღუდება. აქედან გამომდინარე, მთავრობის ინიციატივაა, რომ ქონების მყიდველს შესაძლებლობა მიეცეს სწორ პირობებში, როდესაც ვალდებულებებს ჯეროვნად და პატიოსნად ასრულებს, აღნიშნული ქონება იპოთეკით დატვირთოს შესაბამისი თანხების მობილიზების მიზნით“, - განაცხადა ნინო ენუქიძემ.
პროექტით, კანონს ემატება მუხლი, რომლითაც დადგინდება, რომ სახელმწიფოს მიერ განკარგული ქონების საპრივატიზებო პირობების სრულად შესრულებამდე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის შესაბამისად იძულებითი აღსრულების წესით რეალიზაციისას, ახალ და ყოველ შემდეგ მესაკუთრეზე სრულად გადავა ქონების შემძენის მიერ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულებები და შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები.
მთავრობის მიერ წარდგენილი ცვლილების თანახმად, განისაზღვრება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნებისმიერი მოძრავი ქონების განაწილების შესაძლებლობა ქონების სააგენტოს გადაწყვეტილებით, სამინისტროს თანხმობის საფუძველზე უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის გზით. ასევე, დაკონკრეტდება პირთა წრე, რომელთაც ამ მუხლით გათვალისწინებული წესით შესაძლოა უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს მოძრავი ქონება.
კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, კანონს ემატება ჩანაწერი, რომლის თანახმადაც მყიდველმა საპრივატიზაციო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია უნდა წარადგინოს.
„მსგავსი ჩანაწერი არსებობდა მხოლოდ საინვესტიციო ვალდებულებებით ქონების პრივატიზების დროს, მაგრამ თუ ეს ვალდებულება არ არის საინვესტიციო ვალდებულება საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება მყიდველს არ ჰქონდა. ეს რეკომენდაცია ჩვენ აუდიტის სამსახურმა მოგვცა და შესაბამისად, ვასრულებთ აუდიტის სამსახურის მითითებას და ხდება აღნიშნული პუნქტის დაზუსტება“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ.