საერთოდ არ აინტერესებთ საქართველოს მომავალი. მათი ინტერესია პატრონების დაკვეთა შეასრულონ. ქაოსში შეიყვანონ ქვეყანა, რევოლუცია მოახდინონ და დასვან აქ აგენტურა. აგენტურას მარტივად მოსთხოვენ მეორე ფრონტი გახსნან - ირაკლი ზარქუა

ირაკლი ზარქუა

ისეთ აგონიაში არიან რა ქნან არ იციან, უკვე ღიად მტრობენ ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ,
ირაკლი ზარქუამ „დღის ქრონიკასთან“, ოპოზიციის წერილთან დაკავშირებით.

საუბარია რადიკალური ოთხი პარტიის ერთობლივ წერილზე, რომელმაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადების, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცედურების დაწყების და ფინანსური დახმარების შეწყვეტის თხოვნით მიმართეს.

მისი თქმით, ამ ქმედებით ოპოზიციის პოლიტიკა ლუსტრირებულია.

„საერთოდ არ აინტერესებთ საქართველოს მომავალი. მათი ინტერესია პატრონების დაკვეთა შეასრულონ. რა არის ეს, რომ ქაოსში შეიყვანონ ქვეყანა, არეულობაში, შემდეგ რევოლუცია მოახდინონ და შემდეგ დასვან აქ აგენტურა. აგენტურას მერე უკვე მარტივად მოსთხოვ, რომ მეორე ფრონტი გახსნას და ლგბტ პროპაგანდას უფრო ფართო შესაძლებლობები მისცეს. მოხდა ლუსტრაცია და მთელმა საქართველომ გაიგო, რომ ამათი ინტერესები არის საქართველოს ჩამოცილება ევროინტეგრაციას, კიდევ უფრო მეტი დაძაბულობის კერი შექმნას საქართველოში, იმისთვის, რომ მათმა პატრონებმა აგენტურა დასვან აქ როგორც 2003 წელს. ამას გახსოვთ, რაც მოჰყვა ჩვენი ეროვნული ინტერესების შებღალვა, შემდეგ რუსებისთვის გადაცემა სტრატეგიული ობიექტების, ომი და ევროინტეგრაციის რეალურად შეფერხება“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.