"სადაც კი ჩვენი ქვეყნისთვის პოზიტიური რამ კეთდება, იქ რადიკალები არიან ამ ყველაფრის წინააღმდეგ" - დავით მათიკაშვილი ნარკოპოლიტიკაზე

დავით მათიკაშვილი

ანტინარკოტიკული რეფორმის ფარგლებში შემუშავებულ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს ხვალ ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს. ინიციატივა, რომლის მიზანიც ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაა, სანქციებს უზრდის რეალიზატორებს. მცირე ოდენობის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვის შემთხვევაში, გამსაღებელს 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

გასაღების ნაწილში გამკაცრება ეხება მარიხუანით მოვაჭრეებსაც. თუ მომხმარებლებს დაუდასტურდებათ ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტი, მათ ადმინისტრაციულ ჯარიმასთან ერთად, 3 წლით მართვის მოწმობა ჩამოერთმევათ, 5 წლის განმავლობაში კი ვერ იმუშავებენ საჯარო სამსახურსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

"ქართულ ოცნებაში"  ამბობენ, რომ მათი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.

"ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას აქვს ერთადერთი ეს მიზანი, სხვა მიზანი ამას არ გააჩნია. ეს არის ჩვენი მომავალი თაობის როგორც დღევანდელობის, ასევე ჩვენი მომავლის დაცვის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყოს სახელმწიფო, ადეკვატური და სწორი ასეთი მძიმე გამოწვევების წინააღმდეგ, რაც ბუნებრივია, რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში არ შედის. მათთვის, ის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის პოზიტიური და საოზოგადოებისთვის არის კარგი, ეწინააღმდეგება რადიკალების დღის წესრიგს, ამიტომ ყოველთვის, არამარტო ნარკოპოლიტიკაზე, თქვენ შეგიძლიათ ისტორიულად გადაავლოთ თვალი ნებისმიერ საკანონმდებლო ცვლილებას, მათ შორის ისეთ ცვლილებებს, რომლებიც მაგალითად კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში დაეხმარა ჩვენს ქვეყანას. სადაც კი ჩვენი ქვეყნისთვის პოზიტიური რამ კეთდება, იქ რადიკალები არიან ამ ყველაფრის წინააღმდეგ", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე  დავით მათიკაშვილი.