„სააკაშვილი ბედავს და ამბობს, რომ საკუთარ ლიპოსაქციაზე თუ საკუთარი სხეულის გაჯანსაღებაზე დახარჯული თანხები თურმე საქვეყნო საქმე ყოფილა“ - არჩილ გორდულაძე

არჩილ გორდულაძე

"ქართული ოცნების" წევრმა, არჩილ გორდულაძემ კიდევ ერთხელ შეაფასა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის გამო, 9 წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

გორდულაძის სიტყვებით, ყველაზე ამორალური არის ის, რომ პირადი ფუფუნებისთვის დახარჯულ თანხებს მიხეილ სააკაშვილი საქვეყნო საქმედ წარმოაჩენს.

"წლების განმავლობაში საქმეს, რომელშიც მილიონებზეა საუბარი, სახელმწიფო ქონების გაფლანგვას უკავშირდება, კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენლები ეძახდნენ "პიჯაკების საქმეს". აღმოჩნდა, რომ "პიჯაკების საქმე" არის საკუთარი ოჯახის წევრების სწავლის გადასახადის დაფინანსება და სხვადასხვა უცხოელი ქალბატონის მომსახურებაში გადახდილი თანხები. ეს ადამიანები ახლა ბედავენ თქვან, რომ თურმე, სახელმწიფო ხარჯებით შესაძლებელია ფუფუნებაში ცხოვრების დაფინანსება, ეს პრობლემას არ წარმოადგენს და თანამდებობის პირებს ეს ყველაფერი უნდა შეეძლოთ. ყველაზე ამორალური ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილი ბედავს და საუბრობს, რომ საკუთარ ლიპოსაქციაზე თუ საკუთარი სხეულის გაჯანსაღებაზე დახარჯული თანხები ყოფილა თურმე საქვეყნო საქმე და ამ დროს ის ემსახურებოდა საქართველოს," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.