„ვისაც შესაძლებლობა გექნებათ, გთხოვთ, შემოგვიერთდით...“ - რას წერს ვანო მაჭავარიანი
1735251354
დღეს პრეზიდენტისა და ოპოზიციის კონსულტაციების მესამე დღეა. ათონელის რეზიდენციაში, დღის განმავლობაში, სავარაუდოდ, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. განხილვის თემა უცვლელია, ეს არის ახალი არჩევნები და სალომე ზურაბიშვილის გეგმა 29 დეკემბრის შემდეგ.
როგორ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები, ბარიერგადალახულ პარტიებს შორის პოზიციები განსხვავებულია. ნაწილი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია გეგმას უნდა მიჰყვეს. ნაწილი კი ამბობს, რომ ახლა ხისტი გადაწყვეტილებების დროა. ოპოზიციის ნაწილმა გამოთქვა მზადყოფნა, ფიზიკური მხარდაჭერა გამოუცხადოს სალომე ზურაბიშვილს და 29 დეკემბრის შემდეგაც დარჩეს ორბელიანების სასახლეში.
"ძალიან მნიშვნელოვანია საბჭოს შექმნა, სადაც იქნება ყველა პოლიტიკური ძალა წარმოდგენილი. ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუცია არის დარჩენილი ქალბატონ ზურაბიშვილის სახით და მის გარშემო შემოკრებილი იმ ოპოზიციის სახით, რომელსაც რეალურად მიანიჭა მანდატი ქართველმა ხალხმა. ამიტომაც, რეალური პოლიტიკური სიმძიმის ცენტი, რომელიც ილაპარაკებს ქართველ ხალხთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, უნდა შეიქმნას სწორედ რომ ამ ფორმაციით," - აღნიშნავს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი.
გიორგი გახარიას გუნდში კი აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა და ოპოზიციამ არაკონსტიტუციურ ნაბიჯებს, არაკონსტიტუციური ნაბიჯებით არ უნდა უპასუხოს.
"თუ ვსაუბრობთ პოლიტიკური პარტიების ე.წ. საბჭოზე, აქ ჩვენი პოზიცია გახალავთ, რომ როგორც მინიმუმ საჭიროებას ვერ ვხედავთ.
შეთავაზება, რაც გულისხმობს პარლამენტის დათხოვნას, როდესაც ამის უფლება პრეზიდენტს კონსტიტუციით არ აქვს, ამ კონკრეტულ პოლიტიკურ სიტუაციაში, ბუნებრივია, ჩვენ ამის მომხრე არ და ვერ ვიქნებით. არაკონსტიტუციურ ნაბიჯებს, არაკონსტიტუციური ნაბიჯებით არ უნდა ვუპასუხოთ.
რაც შეეხება ფიზიკურ დაცვას, ნებისმიერი ქმედება, რომელიც გამოიწვევს დამატებით ფიზიკურ დაპირისპირებას, ბუნებრივია, ჩვენთვის ეს არ არის მისაღები. ვაჟკაცობასა და სიმამაცეში პოლიტიკური პარტიები ნუ შევეჯიბრებით," - ამბობს "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი შარაშიძე.