1733258119
როგორც ჩანს, აღქმებით არა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკოსები ფიქრობენ, არამედ მათი მხარდამჭერი მოსამართლეებიც, „ნაცმოძრაობის“ სასამართლო პოლიტიზებული იყო და, როგორც ჩანს, ანასხლეტები დარჩა - გურამ მაჭარაშვილი
როგორც ჩანს, აღქმებით არა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკოსები ფიქრობენ, არამედ მათი მხარდამჭერი მოსამართლეებიც, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას, რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და ორი ოლქის შედეგები ბათილად ცნო.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ გადაწყვეტილებებს იღებს აღქმებით და არა მტკიცებულებებით და იგივე თქვა მოსამართლემაც, რომ მას არ აქვს მტკიცებულება, მაგრამ აქვს აღქმა, რომ ხმის ფარულობა დაირღვა.
„როცა [მოსამართლის] ოჯახის წევრი და თავად ისიც არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური აქტივისტი ოპოზიციის სასარგებლოდ, მოსამართლის შინაგანი რწმენის საფუძველზე ის ვალდებული იყო ეს საქმე აეცილებინა, რადგან იქნებოდა სუბიექტური. რადგან ეს არ გააკეთა, უარესი ის გააკეთა, რომ ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით მტკიცებულებები ვერ მოიპოვა და მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელსაც საფუძვლად უდევს არა მტკიცებულებები, არამედ მისი პირადი აღქმები. ვერ ვნახეთ, ვერ მოიყვანა ერთი ადამიანი წამლად, რომელიც იტყოდა, რომ მის მიერ ხმის მიცემის პროცესში ფარულობა დაირღვა.
როგორც ჩანს, აღქმებით არა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკოსები ფიქრობენ, არამედ მათი მხარდამჭერი მოსამართლეებიც. ჩვენ ვნახეთ, რომ ის და მისი ოჯახი თავიდან ბოლომდე „ნაცმოძრაობის“ აქტივში არიან გადავარდნილი. „ნაცმოძრაობის“ სასამართლო პოლიტიზებული იყო და, როგორც ჩანს, ანასხლეტები დარჩა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.