როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, რომ, საკუთარი წარუმატებლობის ხარჯზე, არ გიხაროდეს ასეთი დიდი ინვესტიცია - გურამ მაჭარაშვილი ხაზარაძეზე

მაჭარაშვილი

არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი დეველოპერული კომპანიის, "ემაარ ჯგუფის" პროექტს ხელისუფლების ოპონენტები აკრიტიკებენ. უპრეცედენტო მასშტაბის საინვესტიციო პროექტზე მამუკა ხაზარაძე ამტკიცებს, რომ გონიო და თბილისი არაბთა დასახლებად გადაიქცევა და ამ პროექტით ქვეყანა ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს. ხაზარაძის პოლიტიკურ პოპულიზმს და პათოსს იზიარებენ "ალტ ინფოშიც".

"ქართული ოცნება" ოპოზიციას კიდევ ერთ მიზანმიმართულ კამპანიას ახსენებს, რომელიც ჩინურ ინვესტიციებს და ჰუალინგის პროექტს უკავშირდებოდა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ექვს-ნახევარ მილიარდიანი პროექტი, ამ შემთხვევაშიც, საქართველოს მოსახლეობას და ეკონომიკის გაძლიერებას მოხმარდება.

"როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, რომ, საკუთარი წარუმატებლობის ხარჯზე, არ გიხაროდეს ასეთი დიდი ინვესტიცია ისეთ ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო. ძალიან კარგად იციან, რომ 6-ნახევარი მილიარდის ინვესტიცია 2-3 წელიწადში პოზიტიურად აისახება საქართველოს ბიუჯეტსა და ეკონომიკაზე. მათ ეს ყველაფერი მშვენივრად ესმით, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მისი იქ არაფერი არ იქნება, აი, ასე, საჯაროდ აღიარეს ბოღმას. საქართველოში ასეთი მასშტაბური ინვესტიცია არ აწყობთ, რადგან აქედან პირადი სარგებელი არ ექნებათ", - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.